რუსული კაპიტალი და უძრავი ქონების ბაზარი - ტენდენციები და გამოწვევები
საქართველო არის ქვეყანა, სადაც 300 000 რუსს შეუძლია შემოვიდეს და აქ პატარა რუსეთი მოგიწყოს - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას G.Miller International Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ნიკოლოზ ურუშაძე და არ გამორიცხავს, რომ რუსეთში მობილიზაციის მოლოდინის ფონზე საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღა შემოვიდეს.
შეგახსენებთ, შემოდგომაზე შესაძლო მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ ჭორების ფონზე, ათიათასობით რუსი ქვეყნიდან გადის. რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის საავტომობილო საკონტროლო გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.
„ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პოლიტიკა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც 300 000 რუსს შეუძლია შემოვიდეს და აქ პატარა რუსეთი მოგიწყოს, თავიანთი სკოლებით, უნივერსიტეტებით და საერთოდ არ სჭირდებათ მათ არც ქართული და არც არაფერი სხვა. ეს დიდი პრობლემაა საქართველოსთვის.
რა თქმა უნდა, ისინი ქმნიან მოთხოვნას, რომელიც სწრაფად იზრდება. როდესაც მოთხოვნა იზრდება და მიწოდება ვერ ეწევა, ფასები მკვეთრად ავარდება ხოლმე უძრავი ქონების ბაზარზე, მერე კი დაკორექტირება ხდება. თუმცა, ვინც ახლა იჯარით არის დაკავებული, იმას ეს ძალიან აწყობს, რადგან ბოლო პერიოდში იჯარის ბაზარი საკმაოდ გაუარესებული იყო.
მოთხოვნის ზრდა ავტომატურად ზრდის ფასებს. ეს ეკონომიკის ანიბანია და თუ ეს სურათი გვექნება, აუცილებლად უნდა ველოდოთ ფასების ზრდასაც“, - განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით, საოფისე ფართებზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნას კი დღეს ძირითადად, რუსები ქმნიან, რაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალია.
„ვფიქრობ, საოფისე ფართებზე ეს მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდება იმის გამო, რომ მიგრაცია უკვე უკონტროლოა და ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის. მთელი რუსეთის ონლაინ ბიზნესი, ლოკაციის მიუხედავად ხომ, საქართველოში გადმოსახლდა უკვე.
როგორც იცით, რუსეთი უვარგისი გახდა ონლაინ საქმიანობისთვის, რადგან იქ ინტერნეტს მუდმივად ახშობენ. თუ საერთაშორისო ონლაინ ბიზნესი გაქვს, რუსეთი ასეთი საქმიანობისთვის გამოსადეგი არ არის. ამიტომ, ვისაც შეეძლო, ეს ქვეყანა უკვე ყველამ დატოვა, ეს ხალხი კი იქ ყოველთვის ლეგალურ საქმიანობას არ ეწეოდა“, - აღნიშნა ურუშაძემ.