"მოლოდინი, რომ შესაძლოა, რუსეთიდან შემოდინება გაიზარდოს, ნამდვილად არის - ალბათ, უფრო ქირა გაძვირდება და მეორადი უძრავი ქონების ფასები 10%-ით გაიზრდება“
„ამ ეტაპზე, ამ კუთხით რადიკალური ფონი არ იგრძნობა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელმა, ნინო აბსანძემ რუსების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, როგორც Euronews-ი წერს, ზაფხულის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთში ბინის ქირის ფასებმა წლიურად 20-30%-ით მოიმატა, რადგან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას უფრთხიან, მეზობელ ქვეყნებში საცხოვრებელს ეძებენ.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველო კვლავ ყველაზე ხელმისაწვდომ დანიშნულების ადგილად რჩება რუსებისთვის, რადგან მათ ვიზის გარეშე აქ 360 დღე შეუძლიათ დარჩნენ, ხოლო მეზობელ ქვეყანაში ხანმოკლე ვიზიტით გადასვლის შემთხვევაში, ეს დრო თავიდან აითვლება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოში რუსეთის ათიათასობით მოქალაქე ცხოვრობს.
ამასთან, როგორც RBC Real Estate-ს საკონსულტაციო კომპანია NF Group-ზე დაყრდნობით წერს, 2026 წლის მესამე კვარტლის შედეგებით, რუსებს შორის უძრავი ქონების შესაძენად ყველაზე პოპულარულ უცხოურ ქვეყნებს შორის საქართველო მესამე ადგილზეა. ქვეყნის წილმა მთლიან მოთხოვნაში 17% შეადგინა.
ნინო აბსანძე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნა არ შეინიშნება, ამ კუთხით გარკვეული მოლოდინები არსებობს, რამაც ძირითადი გავლენა შესაძლოა, ქირისა და მეორადი უძრავი ქონების ფასებზე იქონიოს.
„ამ ეტაპზე, ამ კუთხით რადიკალური ფონი არ იგრძნობა. დაახლოებით, 10-მდე პროექტი გვაქვს და პროცესი სტაბილური დინამიკით მიმდინარეობს. ბაზრისა და ფასების ზრდის დინამიკა ჩვენს შემთხვევაში ჩვეულებრივად, ორგანულად, უშუალოდ პროექტის ეტაპიდან გამომდინარეობს. პროექტის წინსვლასთან ერთად ვზრდით ფასებსაც.
თუმცა, რასაკვირველია, ეს მოლოდინი ზოგადად არსებობს. თუ მობილიზების რეალური ფაქტი დადგა, ამას ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ეფექტი ექნება, თუმცა არა ისეთი, როგორიც წინა წლებში იყო. ეს ყველაფერი გარკვეულ გავლენას იქონიებს, მაგრამ არა რადიკალურს.
ეს ადამიანები უკვე გადანაწილებულები არიან. პირველ ეტაპზე აქცენტს ყველაზე ახლო ქვეყნებზე აკეთებდნენ, ახლა კი, ფაქტობრივად, მთელს მსოფლიოში ნაწილდებიან. საქართველოზე ისეთი რადიკალური დატვირთვა აღარ არის.
ალბათ, უფრო ქირის და კიდევ, ძირითადად, მეორადი უძრავი ქონების ფასების ზრდა მოხდება. პროცესი არა მშენებარე, არამედ მეორადი ბინების სექტორში გამოიწვევს უფრო დიდ ინტერესს და ფასების კორექტირებაც, აქედან გამომდინარე, უფრო მეორად ბაზარზე მოხდება.
თუ პროცესები ასე განვითარდა, მაქსიმუმ, 10%-იან ზრდასთან გვექნება საქმე. ახლა უძრავ ქონებას იჯარაზე სადღაც, 7-8%-იანი უკუგება აქვს. შესაბამისად, თვითონ უკუგების პროცენტი შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 10%-მდე. ასე წარმომიდგენია პირადად მე.
ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერი შეინიშნება, არც რადიკალურად გაზრდილი მოთხოვნა ფიქსირდება. რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა. პირადად მე, ამ კუთხით არ დამინახავს. თუმცა, მოლოდინები, რაც მედიაში მუსირებს, რომ შესაძლოა, შემოდინება გაიზარდოს, ნამდვილად არის.
მაგრამ იმასთან შედარებით, რაც იყო, ეს ძალიან მცირე მასშტაბით მოხდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამას ქართული უძრავი ქონების ბაზარზე შესაძლოა, მცირე ეფექტი ჰქონდეს, თუმცა არა - რადიკალური“, - აცხადებს ნინო აბსანძე „ბიზნესპრესნიუსთან“.