ჩემი არ ესმის, თითქოს ყრუა - როგორ მოვიქცეთ თუ მამაკაცს ჩვენი მოსმენა არ უნდა?
ქმარს ჩემი საერთოდ არ ესმის, თითქოს ყრუ კედელს ვესაუბრები - ასეთი პრეტენზიებით ფსიქოლოგს ბევრი ქალი მიმართავს. როგორც წესი, პარტნიორის ასეთ დამოკიდებულებას ნეგატიური ემოციები, წყენა და იმედგაცრუება მოჰყვება. გამოცდილი ფსიქოლოგის აზრით, ამ პრობლემასთან გამკლავება შესაძლებელია. უბრალოდ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
1. ეცადეთ, რომ საუბრის დროს პარტნიორმა თვალებში გიყუროთ.
მამაკაცებს გვირაბული ხედვა აქვთ და ყურადღებას მხოლოდ იმაზე ამახვილებენ, რასაც ხედავენ (გვირაბული ხედვა გულისხმობს ყურადღების გამახვილებას რაიმე დეტალზე და ამავე დროს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის იგნორირებას. გვირაბული ხედვის დროს ადამიანი მხოლოდ იმას აღიქვამს, რაც მის განწყობას შეესაბამება) ამ მიზეზის გამო, მამაკაცს, რომელიც ფეხბურთს უყურებს, ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა არ უნდა თხოვოთ. ამ თვალსაზრისით მამაკაცი ძალიან განსხვავდება ქალისგან. მისი ყურადღება მთლიანად მიმართულია ობიექტისკენ, რომელსაც ხედავს. ქალებს პირიქით, ყურადღების გამახვილება რამდენიმე მიმართულებით შეუძლიათ.
2. ისაუბრეთ ფაქტებზე და არა ემოციებზე
გრძნობებზე საუბარი და ემოციების ენა - ეს ქალების ენაა, რომელიც მამაკაცებს არ ესმით. მას შეუძლია თავი მოგაჩვენოთ, რომ ყურადღებით გისმენთ, თუმცა ერთი სიტყვაც არ გაუგია. მამაკაცებს მხოლოდ ფაქტებით საუბარი ესმით: რა მოხდა, სად მოხდა, ვინ მონაწილეობდა და რა უნდა გაეკეთებინა.
3. უარი თქვით მეტაფორებზე, ეპითეტეპზე და პოეტურობაზე
გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცთან საუბრის დროს საჭირო არაა დაწვრილებით აღწეროთ როგორ არაესთეტიკურად გამოიყურება კარადის ჩამოვარდნილი თარო და როგორ მოქმედებს ეს სახლის ატმოსფეროზე. ჯობია პირდაპირ უთხრათ - ძვირფასო, თუ შეიძლება თარო მიაჭედე. მოკლედ, და კონკრეტულად!
4. თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „ყოველთვის“, „არასოდეს“, „არავინ“
მაგალითად, ნუ იტყვით: „შენ არასოდეს ასრულებ ჩემს თხოვნას“, „შენ ყოველთვის აიგნორებ ჩემს მოთხოვნებს“. ეს კონფლიქტოგენური სიტყვებია, რომლებიც აგრესიად აღიქმება.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ქალებისთვის ემოციები და სულიერება ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო მამაკაცები უპირატესობას ფიზიკურ და ინტელექტუალურ მხარეს ანიჭებენ. ქალები მგრძნობიარეები არიან და მათში კარგად განვითარებულია ემპათია. თავად ბუნებამ იზრუნა, რომ ქალი მოსიყვარულე და მზრუნველი იყოს: ისინი დიდი ოდენობით ოქსიტოცინს გამოიმუშავებენ და ძლიერი დედობრივი ინსტიქტი აქვს. მამაკაცს კი ბუნებამ სხვა ფუნქცია მიანიჭა: ისინი იცავენ, ნადირობენ და ა.შ. სწორედ ამიტომ მამაკაცები ვერ აღიქვამენ ინფორმაციას, რომელშიც პრაქტიკული აზრი არ დევს.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები მეორე ნახევართან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას და შედეგი აუცილებლად იქნება.