ნუ მავალდებულებთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის მიმართ კრიტიკული აზრი არ მქონდეს - უგულავა
“მე მგონი დღეს ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ, რომ აბსოლუტურად და ტოტალურად გააყალბეს არჩევანი. არჩევანი მოპარეს ჩვენ შვილებს. ამიტომ, ენის მოჩლეფით ლაპარაკი ქურდთან არ შეიძლება. ეს არ არის რიტორიკისთვის ნათქვამი სიტყვები. მათ ქვეყანა გაქურდეს და ენის მოჩეფით ველაპარაკოთ ქურდებს და ყაჩაღებს?!
მეორე მხრივ რას ვხედავთ? ხელისუფლება მოდის მოლაპარაკებაზე? ის გველაპარაკება შანტაჟის ენით. ხმას ამოიღებ და გეუბნებიან, რომ ლარის კურსი დაეცემა და შენი ბრალია, ქუჩაში გამოხვალ და გააპროტესტებ? – გეუბნებიან, რომ კოვიდით მოკვდები და მე არ გიშველი. პოლიტიკურ პარტიებს აშანტაჟებენ დაფინანსებას წაგართმევო. სუს-ში გამოგონილ საქმეებს ღძრავენ, ადამიანებს კი საკუთარი პროპაგანდისტული მანქანის გამოსაკვებად იჭერენ და ამის პარალელურად თქვენ მეუბნებით ნერვები როგორ გაქვს მოშლილიო? მაქვს მოშლილი – ქვეყანას კარგავ და გართმევენ. მე პერსონალურად შეურაცხყოფას არც თამარ ჟვანიას მივაყენებ და არც ჟურნალისტს. მე რა იმას მოვითხოვ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს? მაგრამ ნუ მავალდებულებთ, რომ ჩემი აზრი არ გამოვთქვა, მათ შორის კრიტიკული”, – განაცხადა გიგი უგულავამ.