ჩვენს გასაკეთებელს არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი - კახა კალაძე
ტრამპი ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და ის რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესს გაატარებს - ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა - ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს ბევრი მიმართულება, რაზეც ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, თანხვედრა არსებობს.
„დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ერთნაირ პლატფორმაზე ვართ. იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ ტრამპის გუნდის წევრებისგან, მაგალითად, ის რომ ოჯახი ეს არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა და ა.შ, ეს კონსერვატიული მიდგომები და დამოკიდებულებები, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, რაზეც კანონი მივიღეთ. ბევრი მიმართულებაა, რაზეც თანხვედრაა. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ განცხადებებით, რაც ტრამპის მხრიდან მოვისმინეთ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ „დიფსთეითი“ დაამარცხოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე ბოლოო თვეების განმავლობაში ღიად ვსაუბრობდით და საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს „დიფსთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, რა გავლენები აქვს მას, როგორ იმართება, როგორ მუშაობენ. თუ ის შეძლებას ამის დამარცხებას, ეს ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინსვლას, ეს ყველაფერი ჩვენზე, ხალხზე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეულ მთავრობაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატომ დაგვიჭირა მხარი ხალხმა? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი გავატაროთ. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესს გაატარებს. ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა კალაძემ.