რა ღირს საქართველოში შავი, თეთრი და მწვანე კარკასი ?
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე შეფასებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 66.2%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.7 პროცენტი).
ოფიციალური მონაცემებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ასევე ორივე სეგმენტზე წლიურ ჭრილშიც. კერძოდ, 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ფასები გაზრდილია: ბინებზე - 5.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე - 7%-ით.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, 2026 წლის მესამე კვარტალში გაზრდილია კვადრატული მეტრი ფართობის მედიანური ღირებულება, როგორც მწვანე და თეთრი, ისე შავი კარკასის მდგომარეობაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში კვ.მეტრი თეთრი კარკასის ფასი - 3752 ლარი იყო; მწვანე კარკასის - 4 493 ლარი; ხოლო შავი კარკასის - 3 287 ლარი.
ცნობისთვის, ინდექსის (RPPI) დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.