ბოლო 1 წელიწადში ბანკებმა ბიზნესის დაკრედიტება 4.4 მილიარდი ლარით გაზარდეს - ნახევარი უძრავ ქონებაზე მოდის
2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით ქართულ ბანკებს ბიზნეს სექტორზე სულ 45.8 მილიარდი ლარის კრედიტები აქვთ გაცემული, რაც წინა წელთან შედარებით 4.44 მილიარდი ლარით, ანუ 11%-ით მეტია.
როგორც ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ინფორმაციიდან ირკვევა, დაკრედიტების სტატისკიკა სულ აღირიცხება 27 სხვადასხვა დარგში, ამ დარგებიდან 20-ში საკრედიტო პორტფელის ზომა გაზრდილია, 7 სექტორში კი შემცირებულია. თანხობრივად, ყველაზე მეტი ზრდა - პორტფელის 1.27 მილიარდი ლარით მატება უძრავი ქონების სექტორში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე პორტფელის თანხობრივი ზრდით არის უძრავი ქონების მენეჯმენტი, რომლის დაკრედიტებაც 1 მილიარდი ლარით გაიზარდა. შესაბამისად, პორტფელის ნაზრდიდან 4.44 მილიარდი ლარიდან 2.27 მილიარდი ლარი სწორედ უძრავი ქონების სექტორს უკავშირდებოდა, ხოლო დანარჩენი თანხა ყველა სხვა სექტორზე ნაწილდება.
ამასთან, რამდენიმე სექტორში საკრედიტო პორტფელი წლიურად შემცირდა. სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში დაკრედიტება 16%-ით, 2.59 მილიარდ ლარამდე შემცირდა. ვაჭრობის სექტორში პორტფელმა 3%-ით იკლო, ხოლო სამომხმარებლო საქონლის წარმოების საკრედიტო პორტფელი კი 8%-ით შემცირდა.
