თეგებით ძიება

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა - საქსტატი

2026 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა. საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაჩვენებელს (+39.6%).

კერძო სახლები ბინებთან შედარებით სწრაფად ძვირდება

ანგარიშის მიხედვით, ფასების მატების ტემპი უფრო მაღალია კერძო სახლების სეგმენტში.

კერძოდ, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, კერძო სახლები 2.7%-ით გაძვირდა, წლიურად - 7%-ით. 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით ზრდამ კი 72%-ს გადააჭარბა.

ბინების შემთხვევაში კვარტალურმა ზრდამ 1.2% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაძვირება 5.6%-ია.

რაც შეეხება 2020 წლის საშუალოსთან შედარებას, თბილისში ბინები 6 წელიწადში 63.1%-ით გაძვირდა.

რა ღირს 1მ² ბინა თბილისში, უბნების მიხედვით?

2026 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მედიანური ფასით მთაწმინდის რაიონი ლიდერობს, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულებამ 7 000 ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს ვაკე და კრწანისი, ათეული კი ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა - 7 004 ლარი
  • ვაკე - 6 046 ლარი
  • კრწანისი - 4 635 ლარი
  • საბურთალო - 4 444 ლარი
  • დიდუბე - 4 168 ლარი
  • ჩუღურეთი - 4 121 ლარი
  • ისანი - 4 032 ლარი
  • ნაძალადევი - 3 932 ლარი
  • გლდანი - 3 830 ლარი
  • სამგორი - 3 657 ლარი

რა ღირს 1მ² კერძო სახლი თბილისში, უბნების მიხედვით?

კერძო სახლების შემთხვევაში ყველაზე ძვირად ღირებული უბანი ვაკეა:

  • ვაკე - 4 517 ლარი
  • მთაწმინდა - 4 430 ლარი
  • ჩუღურეთი - 3 637 ლარი
  • საბურთალო - 3 543 ლარი
  • დიდუბე - 3 448 ლარი
  • ისანი - 3 213 ლარი
  • გლდანი - 2 993 ლარი
  • კრწანისი - 2 961 ლარი
  • სამგორი - 2 839 ლარი
  • ნაძალადევი - 2 798 ლარი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა