თამარ ჟვანია რომ გადადგეს და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება - თინა ხიდაშელი
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი “რუსთავი 2”-ის ეთერში ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნის შესახებ საუბრობს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას გულისხმობს. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თამარ ჟვანია რომ გადადგეს და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ამას კი პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება.
“ოპოზიციის გადაწყვეტილების რეალიზებას სჭირდება საპარლამენტო გადაწყვეტილებები. საპარლამენტო გადაწყვეტილებების გარეშე, ეს შედეგები, არ დადგება. როდესაც ამბობენ, რომ თამარ ჟვანია უნდა წავიდეს, და ეს ის მოთხოვნაა, სადაც 100%-ით სოლიდარული ვარ, იმიტომ რომ ის საარჩევნო ბუღალტერია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ადასტურებს, რომ ჟვანიამ როგორც მენეჯერმა ამ საქმის ვერ შესძლო თავისი ფუნქციების შესრულება… თამარ ჟვანია რომ გადადგეს და ეს მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, ცესკოს ახალი თავმჯდომარე უნდა გაჩნდეს, ამას კი პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება.
თუ პარლამენტი არ გვაქვს, მაშინ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, შესაბამისად, გაუგებარი ხდება, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს პირველი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გვაქვს.
დღეს, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით იმ ზღვარს, როდესაც ეს უკვე აღარ იქნება შესაძლებელი. მეორე ტურები როგორც კი დასრულდება, უკვე დღეების ამბავია, როდესაც უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს. ანუ, დღეს მოქმედი პარლამეტნი ძალაშია და ფუნქციონალურია მხოლოდ მანამდე, სანამ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ანუ, ცესკოს ხელმძღვანელობის დანიშვნა ხომ არის ერთი საკითხი, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და ახლა რატომ არის ოპოზიციის ინტერესებში რომ ახლადარჩეულმა პარლამენტმა მიიღოს მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც ითხოვს ოპოზიცია, იმიტომ რომ ეს მოთხოვნა, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს უფრო სამართლიანი წესებით, ნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს ხომ? დღეს ქართულ ოცნებას, დღეს მოქმედ პარლამენტში, იმხელა უმრავლესობა აქვს, რომლითაც საარჩევნო კოდექსში რა ცვლილებაც უნდათ, იმ ცვლილებას შეიტანს. ისევე, როგორც ორგანულ კანონებში, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს…
შემდეგ პარლამენტში, ეს შედეგები, რაც ამ წუთას გვაქვს, დარჩეს ძალაში და 30-ვე მაჟორიტარული ოლქი რომ მოიგოს “ქართულმა ოცნებამ”, ჩვენ ვიღებთ “ქართული ოცნების” შემადგენლობას იმ რაოდენობით, რომლითაც ვერც ერთ ორგანულ კანონს, ანუ კანონს, რომელსაც 2/3 სჭიდება ხმების, ხელისუფლება ვეღარ იღებს ოპოზიციის გარეშე. ეს არის მთავარი ბერკეტი, რომელიც ახალ პარლამენტში, ამ ცვლილებების, რომელსაც ახლა ოპოზიცია ითხოვს, ამ ცვლილებების ახალ პარლამენტში გადატანა ოპოზიციის ინტერესშია, იმისათვის, რომ ისეთი ტიპის სამართლიანი წესები იყოს შემოღებული, რომელზეც დღეს ოპოზიცია საუბრობს,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.