საქალაქო სასამართლოში "სირცხვილიას" 4 დაკავებული აქტივისტის პროცესი იწყება
გუშინ, 10 ნოემბერს შეზღუდვების ამოქმედებამდე, აქციაზე დაკავებული 4 სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის, ლექსო მაჭავარიანის, გიორგი მჟავანაძისა და ნოდარ რუხაძის სასამართლო პროცესი ცოტა ხანში დაიწყება. მათ ბრალი ადმინისტრაციული სამართლით აქვთ წარდგენილი.
ერთ- ერთი დაკავებული, გიორგი მჟავანაძე აცხადებს, რომ პოლიციის ეზოში მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.
"დღეს დილით ბატონი გიორგი უკვე გამოკითხეს. მსუბუქად რომ შევაფასოთ ეს იყო ცუდი ფაქტი და დანაშაული, ვინაიდან, ადგილი ჰქონდა გიორგის მიმართ ძალადობას და მას ესწრებოდა არაერთი პოლიციის თანამშრომელი. ის სპეციალურად მინივენით გადაიყვანეს მოფარებულ ადგილას, მიაყენეს ფიზიკურ შეურაცხყოფა, გაუხსენეს მისი აქტივობა, წინა წელს აქციების დროს, მათ შორის პოლიციასთან კამათი, ეს გავდა შურისძიებას", - განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
გიორგი მჟავანაძე ინსპექტორის სამსახურმა უკვე გამოკითხა. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ლექსო მაჭავარიანის ადვოკატი ამბობს, რომ დარწმუნებულია მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან უნდა გაათავისუფლოს.
დაკავებულები ამ დროისთვის უკვე სასამართლოში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ნოემბერს აქციაზე 4 აქტივისტი, პოლიციამ ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დსაწყებამდე დააკავეს. აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ პარლამენტთან გასათბობად შეშა მიჰქონდათ.
წყარო:newposts.ge