არავინ აპირებს, რომ მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, რა სისულელეა - გიორგი ვაშაძე სააკაშვილის ინიციატივას სისულელედ მიიჩნევს
არავინ აპირებს, რომ მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, რა სისულელეა, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სააკაშვილის განცხადებას.
პოლიტიკოსის თქმით, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, თუმცა მაიკ პომპეოს აქციებით არ უნდა დახვდნენ.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება მისი გავლენები და აშშ-ს როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და დაველოდოთ. იმედი მაქვს, ოპოზიციასაც ექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც ვისაუბრებთ უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ. თუმცა, მე პირადად დავადასტურებ, რომ შეხვედრები მაქვს მათი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან.
არავინ აპირებს, რომ მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, რა სისულელეა, შეიძლება, რაღაც სიმბოლური ღონისძიება გვქონდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების, რაც აბსოლუტურად ჯდება ყველა ფარგლებში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს დროს ხალხის მობილიზება უნდა მოხდეს.