თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, წარმატებით დასრულდება, თუ წარუმატებლად - გრიგოლ ვაშაძე
\'\'ნაციონალური მოძრაობის\'\' თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა \'\'ღამის კურიერის\'\' წამყვანთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პარალელურად, აქციები უნდა გაგრძელდეს, რომ ხელისუფლებამდე საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება მივიდეს.
„ამ ეტაპზე გამოსავალი არის შემდეგი – საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი და დასაბუთებული აღშფოთება, მაგრამ ამავე დროს, პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია დიალოგი. ვსინჯოთ. თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, ხელისუფლება გვეუბნება შვეიცარიასა და ნორვეგიაში ვცხოვრობთ და იქაური არჩევნები ჩავატარეთო. აქედან გამოსავალი რა არის? ხელისუფლების თურქმენიზაცია და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ასე წარმოგვიდგენია ამ სახელმწიფოს მომავალი?“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების საზომი ისეთი ხელისუფლების შექმნაა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს, გაუმკლავდეს კრიზისს.
„მოლაპარაკების წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლების და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში, უკვე ყინვაში ღამე დგანან და ელიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს, გაუმკლავდეს იმ ხუთ უზარმაზარ კრიზისს, რომელიც ვახსენე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.