რა სიმპტომები დაუტოვა კორონავირუსმა ცნობილ ქართველებს
კოვიდნარჩენები ორგანიზმში გარკვეული პერიოდი რჩება. გამოკითხული რესპონდენტებიდან ზოგს გემოს რეცეპტორები ისევ დაქვეითებული აქვს, ასი პროცენტით ყნოსვაც არ აღდგომიათ. როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსი, უმეტესად, საერთო სისუსტეს ტოვებს.
თვე და ხუთი დღე გავიდა, რაც ნოდიკო ტატიშვილმა კოვიდ-19 დაამარცხა. როგორც მომღერალი “პრაიმტაიმთან” იხსენებს, პირველი ათდღიანი “ბრძოლის” შემდეგ, დაბალი სიცხე კიდევ ათი დღე ჰქონდა.
ნოდიკო ტატიშვილი: – ახალი პროტოკოლით, მეთერთმეტე დღიდან გადამდებად არ ითვლები და გამოჯანმრთელებულად ითვლები. მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაბალ ტემპერატურას და სისუსტეს ტოვებს. გამოჯანმრთელების მეთერთმეტე დღის შემდეგ კიდევ ათი დღე მქონდა სიცხე. საღამოობით 37 გრადუსამდე მიწევდა. ექიმებმა ამიხსნეს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და კორონასთვის დამახასიათებელიაო.
დღის გარკვეული მონაკვეთი ენერგიული თუ ვიყავი, ამ 35 დღის შემდეგ მაინც ვგრძნობ ზოგად სისუსტეს. ცოტა ვიღლები.
ათი დღის წინ სისხლის და კოვიდის ანტისხეულების ანალიზი გავიკეთე. აღმოჩნდა, რომ ბევრი ანტისხეული მაქვს და ექვსი თვე აღარ გადამედება, კოვიდზე იმუნიტეტი გამომიმუშავდა.
სოფო გელოვანი: – ორი კვირა გავიდა და ყნოსვა არ დამბრუნებია. ოდნავ ვგრძნობ სუნს. ვერც გემოებს ვრგძნობ. ცხარეს შეგრძნება მაქვს, თუმცა სუსტად. და მაქვს საერთო სისუსტე, სწრაფად ვიღლები.
მაქვს შეციების შეგრძნება. გარეთ რომ გავდივარ, სხვანაირად მაციებს.
სახლში და მსუბუქ ფორმაში გადავიტანე, მაგრამ ფაქტია, რომ ძლიერი ვირუსია. მთავარია და ძალიან უცნაურია ის, რომ არც ბავშვებს გადაედოთ და არც მეუღლეს. ორჯერ ავუღე ტესტი და ორჯერვე უარყოფითი ჰქონდათ.
მსახიობი კახა მიქიაშვილი გამონაკლისია, ვისაც არანაირი სიმპტომი და დისკომფორტი არ აქვს.
კახა მიქიაშვილი: – საავადმყოფოდან 14 ოქტომბერს გამოვედი და მას შემდეგ არანაირი სიმპტომი არ მაქვს. საერთოდ არც მახსოვს, რამე თუ მჭირდა. რეკომენდაცია იყო, რომ ორი კვირის შემდეგ სისხლის საერთო ანალიზი გამეკეთებინა. აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია.
მე მიმაჩნია, რომ განწყობაა მნიშვნელოვანი, რაც იმუნიტეტზე მუშაობს, იმუნიტეტი კი ვირუსთან პირველი მებძროლია.
ჩემი მეგობრებიც ჩვეულებრივ არიან. ზოგს ოდნავ ხველა ჰქონდა, ზოგს დაბალი სიცხე. ეს ინდივიდუალურია ჯანმრთელობიდან და იმუნიტეტიდან გამომდინარე.
მოკლედ, კოვიდი განაჩენი არ არის. ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ჩცდ-ს ლამარა იმ პაციენტებს შორისაა, ვისაც გაუმართლა და კლინიკაში გაიარა მკურნალობის კურსი. ოცი დღის შემდეგ ბეჭების ტკივილს უჩივის.
მარინა დარასელია: – მადა მაინცდამაინც არ მაქვს. სამი კილო დავიკელი. ოფლიანობა არ ვიცოდი და დამეწყო. მაისური სველი მაქვს ხოლმე. კიდევ ბეჭების ტკივილი დამიტოვა. საერთოდ რევმატული ვარ და კოვიდის მერე, სუნთქვის და მოძრაობის დროს, ტკივილები მაქვს.
23 დღე გავიდა, რაც “ტვ პირველის” ჟურნალისტმა ნოფო ნიაურმა კორონავიურის დაამარცხა. ისიც ამბობს, რომ სისუსტე აქვს.
სოფო ნიაური: – გემო და ყნოსვა ბოლომდე არ აღმიდგა. მაქვს სისუსტე. ძველებური ენერგია არ დამბრუნებია. და კიდევ სულ მეძინება.
“ქუჩის ბიჭების” წევრი, პაატა ხაჩიძე კოვიდ-19-ს სასტუმროში უმკლავდებოდა. მომღერალმა კოვიდ-სასტუმრო ორი კვირი წინ დატოვა.
პაატა ხაჩიძე: – სასტუმროდან რომ წამოვედი, სუსტად ვიყავი. ვიღლებოდი. სხვა ისეთი განსაკუთრებული სიმპტომი არ დამრჩენია. თუმცა უნდა ვთქვა, რომ სტრესის ფონზე ემოციური გავხდი.
საჭიროა მოძრაობა, ჰაერზე სიარული და ვარჯიშიო და ვასრულებ.
წყარო:primetime.ge