ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს
ივანე (ვანო) ბურდულთან დაკავშირებით, რომელმაც ცესკო რამდენიმე დღის წინ დატოვა, მედიაში აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერი სააგენტო "კვირამ" გამოაქვეყნა.
აუდიოჩანაწერის მიხედვით, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს. ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები.
AMBEBI.GE გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე კომენტარისთვის ივანე ბურდულს დაუკავშირდა:
- ეს ჩანაწერი არის ფეიკი, სისულელეა, ფაბრიკაციაა, გაყალბებულია და ჩვენს შორის მსგავსი საუბარი არ შემდგარა და მეტი კომენტარი ფიზიკურად არ შემიძლია გავაკეთო ამ საკითხზე. ერთს გეტყვით, რომ ეს არის ჩემი დისკრეტიდაციის მცდელობა.
- თქვენს ყოფილ თანამშრომელთან დიალოგსაც არ ადასტურებთ?
- არ მქონია მსგავსი სახის დიალოგი, მითუმეტეს მას შემდეგ კომუნიკაცია, რაც სამსახურიდან წამოვედი. მართლა არანაირი საუბარი ჩვენს შორის არ შემდგარა. სამსახურში ყოფნის დროს მქონდა უბრალოდ ადამიანური ურთიერთობები. მსგავსი საუბარი არათუ მასთან, არამედ არავისთან არ მაქვს.
- ჩანაწერში თქვენი ხმა არ ისმის?
- ვერ გეტყვით, როგორ კეთდება ეს, მაგრამ ეს საუბარი რომ არ შემდგარა, ამას გიდასტურებთ. ისევ ჩანაწერებით, ისევ ტყუილებით, ისევ ფეიკების მეშვეობით ხდება ადამიანის შეზიზღება საზოგადოებისთვის, მარაზმია უკვე ეს ყველაფერი და არის ბინძური ბრალდება, უნდათ, რომ შეაზიზღონ ჩემი თავი საზოგადოებას და თანამშრომლებს, ყველამ კარგად იცის, რომ მე ძალიან ვუფრთხილდები ურთიერთობებს და სწორედ მანდ მირტყამენ.
- სამართალდამცავები ხომ არ დაგიკავშირდნენ?
- არა, ჯერ არავინ დამკავშირებია.