თეგებით ძიება

როგორ დავეხმარო ახლობელს, რომელსაც დეპრესია აქვს? - ინსტრუქცია

დეპრესია ფსიქიკური აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ძალიან ხშირად ადამიანი ან ვერ აცნობიერებს, რასთან აქვს საქმე, ან შინაგანად არ არის მზად ექიმთან მისასვლელად. დეპრესია, შესაძლოა, სათანადოდ ვერ შეაფასონ არა მხოლოდ თავად პაციენტებმა, არამედ მათმა ახლობლებმაც. როგორ უნდა მოვიქცეთ ადამიანთან, რომელსაც დეპრესია აქვს და როგორ დავეხმაროთ მას?

აღიარეთ პრობლემის მნიშვნელობა!
ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს პერიოდული უგუნებობა, რაც სევდის შემოტევითა და დათრგუნულობის შეგრძნებით გამოიხატება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სამსახურში არსებული პრობლემები, ახლობელ ადამიანთან კამათი ან თუნდაც ცუდი ამინდი. თუმცა როგორც კი გარემო პირობები იცვლება, ყველაფერი რეგულირდება. დეპრესია კი სულ სხვანაირად არის მოწყობილი. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ღრმად დაფარული, ის ადამიანის ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ამ პრობლემის მქონე პირთა მხოლოდ 40%-ის შემთხვევაში გაიარა დეპრესიამ ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თუმცა ისიც ბოლომდე - არა.

დეპრესია, პირველ რიგში, გამოიხატება მუდმივად დათრგუნული მდგომარეობით, ქრონიკული დაღლილობითა და იმ ნივთებისადმი ინტერესის დაკარგვით, რაც ადრე ადამიანს სიხარულს ანიჭებდა. გარდა ამისა, პაციენტს შეიძლება ახასიათებდეს სომატური გამოვლინებები: უძილობა ან პირიქით, ძილიანობა, არ უნდა სექსი, უჭირს კონცენტრირება და შრომისუნარიანობას კარგავს. აწუხებს უმადობა ან პირიქით, გამუდმებით ჭამს. დეპრესიას შეუძლია ადამიანი მიიყვანოს ცხოვრების ინტერესის სრულ დაკარგვამდე, სუიციდურ განწყობამდე და საბოლოოდ თვითმკვლელობამდეც. დეპრესიის დიაგნოზს სვამენ, თუ სიმპტომები ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, თუმცა ის შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაშიც გრძელდებოდეს, ამიტომ მისი მკურნალობა აუცილებელია.

დეპრესიის წარმოქმნის რისკი შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური სტრესი ან ტრავმა, ოჯახში რთული სიტუაცია ან მშობლისგან არასაკმარისი სიყვარული, ასევე გენეტიკური მიდრეკილება ან სხვადასხვა დაავადება, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება. ფსიქოგენური დეპრესია (გამოწვეული ახლობელი ადამიანის სიკვდილით, განქორწინებით ან ძალადობით) მალევე არ იჩენს თავს. ადამიანები მძიმე ცხოვრებისეულ მოვლენებს განსხვავებულად განიცდიან, ამიტომ რეაქციაც მოგვიანებით ჩნდება.

აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ!
ადამიანები, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან, თავს მარტოსულად გრძნობენ და ამავდროულად, ხშირად აწუხებთ სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნება თავიანთი ემოციებისა და მდგომარეობის გამო. იმის შიშით, რომ მათ ვერ გაუგებენ, დასცინებენ ან ზურგს შეაქცევენ, ისინი თავიანთ განცდებზე დუმილს ამჯობინებენ. იკეტებიან საკუთარ თავში, ცდილობენ თავიანთი ემოციების დათრგუნვასა და დამალვას, ასე კი საკუთარ „არანორმალურობაში“ უფრო და უფრო რწმუნდებიან.

დეპრესიის მქონე ადამიანები ფიქრობენ, რომ არავის არაფერში სჭირდებიან. როგორც სამეცნიერო კვლევებმა დააზუსტა, სწორედ ასეთ ფიქრებს მიჰყავს ადამიანი სუიციდურ განწყობამდე, ამიტომ მათთვის ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერასა და თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აგრძნობინეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მის გვერდით ხართ, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მისდამი თქვენ დამოკიდებულაზე არანაირად არ მოქმედებს, რომ თქვენ გესმით მისი განცდების სიღრმე და დახმარებისთვის მზად ხართ.

ნუ გააუფასურებთ მის გრძნობებსა და განცდებს!
თუ თქვენ არასდროს გქონიათ დეპრესია, დიდი ალბათობით, ვერასდროს გაიგებთ ბოლომდე თქვენი ახლობელი ადამიანის მდგომარეობას. ნუ ეცდებით, მის დაკავშირებას „ცუდ დღესთან“ ან უბრალოდ ცუდ პერიოდთან ცხოვრებაში. არ ურჩიოთ „თავის ხელში აყვანა“ ან „საკუთარი თავის პოზიტიურად განწყობა“. თქვენ გულწრფელადაც რომ გინდოდეთ დახმარება, ასეთი რჩევებით მის გრძნობებს მხოლოდ გააუფასურებთ, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად არის.

დეპრესიის მქონე ადამიანები ასეთ სიტუაციაში ხშირად ისმენენ ფრაზებს: „სხვებს გაცილებით უარესი პრობლემები აქვთ, ვიდრე შენ,“ „ეს ყველაფერი შენს თავშია,“ „დაკავდი რაიმე საინეტერესო საქმით“ და ა.შ. ეს ყველაფერი იწვევს მხოლოდ სირცხვილის შეგრძნებას, დანაშაულის გრძნობას ან დაავადების წინაშე უმწეობას. თუ თქვენგანაც იმავეს მოისმენს, იფიქრებს, რომ მის გაგებას ვერასდროს შეძლებთ და საკუთარ თავში ჩაიკეტება, მაშინ კი მისი დახმარება ბევრად რთული იქნება. თუ თქვენ არ იცით, ასეთ სიტუაციაში რა უნდა თქვათ, უბრალოდ ჩაეხუტეთ მას და უთხარით: „ მე წარმოდგენა არ მაქვს, შენ ახლა რას გრძნობ, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ძალიან რთულია!“ საშუალება მიეცით ადამიანს, თავისი გრძნობა ისე გამოხატოს, როგორც ეს მისთვის არის აუცილებელი.

მის სიტყვებსა და ქცევას პირად წყენად ნუ მიიღებთ!
ადამიანებს, რომლებსაც დეპრესია აქვთ, როგორც წესი, არ შეუძლიათ ისევე აქტიურად იცხოვრონ, როგორც ადრე. მაგალითად, ისინი არ პასუხობენ შეტყობინებებსა და ზარებს, უარს ამბობენ საჯარო თავშეყრის ადგილებში ვახშამსა თუ კინოში წასვლაზე, შეუძლიათ არ მოვიდნენ თქვენს დაბადების დღეზე და ქორწილშიც კი.

უნდა იცოდეთ, რომ მას პრობლემა თქვენთან მიმართებით კი არ აქვს, უბრალოდ დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს კომუნიკაციის ძალა აღარ შესწევთ. ისეთი მარტივი საქმეები, როგორიც არის საწოლიდან ადგომა, შხაპის მიღება და საუზმის მომზადება მათგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. განსაკუთრებით რთულია ისეთ ადგილზე წასვლა, სადაც ბევრი ადამიანი იქნება. ისეთი მარტივი კომუნიკაციაც კი, რომელიც არაფერს ავალდებულებს, მათგან ძალიან დიდ ემოციურ რესურსს მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამის საპასუხო რეაქცია მას ისეთივე ვერ ექნება, როგორც წლების წინ.

შესთავაზეთ სპეციალისტის დახმარება!
დეპრესია თავისით არც თუ ისე ხშირად გადის და თუ ეს მოხდა, შეიძლება ისევ დაბრუნდეს. სტატისტიკის მიხედვით, იმ ადამიანების 50%-ს, რომლებსაც დეპრესიული ერიოდი ერთხელ უკვე ჰქონდათ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამ მდგომარეობაში ისევ აღმოჩნდნენ. იმ ადამიანების 80%-ს კი, რომლებსაც ცხოვრებაში დეპრესიული ეპიზოდი ორჯერ ჰქონდათ, მოგვიანებით მესამეც დაუფიქსირდათ. ასე რომ, თუ დეპრესიაზე ეჭვი არსებობს, სჯობს ადამიანმა სპეციალისტს მიმართოს - პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ფსიქიატრი, რომელიც პრეპარატების გამოწერას შეძლებს, თუ ეს საჭირო იქნება. თუმცა ექიმისთვის მიმართვა „უკიდურეს ზომად“ ითვლება, პაციენტს ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს, რადგან ეს მისთვის საკუთარი მარცხის აღიარებაა. ისინი ანტიდეპრესანტებსაც ძალიან ფრთხილად უდგებიან, თუმცა ამის საკმაოდ ფართო არჩევანი არსებობს და კარგ სპეციალისტს ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე შესაბამისი პრეპარატის შერჩევა შეუძლია. დიახ, ეს ყოველთვის არ ხდება, მაგრამ ხშირად წამალი აუცილებელია.

მოუყევით დეპრესიაში მყოფ თქვენს ახლობელს, რომ ფსიქოთერაპევტთან სულ უფრო ბევრი ადამიანი დადის და ეს ნამდვილად ეხმარება მათ. მოტეხილობის შემთხვევაში ხომ ის ქირურგს აუცილებლად მიმართავდა, ამ შემთხვევაშიც ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. შესთავაზეთ მას დახმარება ფსიქოთერაპევტის მოძებნაში, უთხარით, რომ შეგიძლიათ კონსულტაციაზე გაჰყვეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აიძულოთ.

დაეხმარეთ მარტივი ყოველდღიური რეჟიმის დაცვაში!
თუ თქვენ ერთად ცხოვრობთ, დაეხმარეთ ყოველდღიური საქმეების მოგვარებაში. ეს გულისხმობს დროულად გაღვიძებასა და დაძინებას, შხაპის მიღებას, ნორმალური კვების რეჟიმის დაცვას, წამლების დროულად მიღებას. დღის სწორი რეჟიმი პაციენტს ძალიან რთული მდგომარების დროსაც კი გარკვეული ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. შესაძლებელია მისი დატვირთვა ფიზიკური აქტივობით. სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ სპორტით დაკავება დეპრესიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ძალიან სასარგებლოა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში და არა მისი ინტენსივობა. ფიზიკური დატვირთვა საჭიროა სულ ცოტა 3 თვე და ყოველ ჯერზე 45-60 წუთი მაინც. განსაკუთრებით სასარგებლოა სირბილი, ცურვა, ველოსიპედის ტარება, ჩოგბურთი და ცეკვა.

შესთავაზეთ სასარგებლო აპლიკაციების ჩამოტვირთვა!
დეპრესიის დროს საჭიროა დღის განმავლობაში განწყობის ცვლილებებზე დაკვირვება. Google Play-სა და App Store-ში ძალიან ბევრი მობილური აპლიკაციაა, რომელთა ნაწილი ფასიანია, ნაწილი კი - უფასო. მაგალითისთვის, Moodnotes, რომელშიც შეიძლება გაკეთდეს ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რაზე ფიქრობს ადამიანი, როგორ გრძნობს თავს. მას შეუძლია დააკვირდეს, რა იწვევს ამა თუ იმ ფიქრსა და განწყობას. განწყობების დღიურის წარმოება შესაძლებელია ასევე აპლიკაციით Mood Panda.

იყავით ყურადღებით და მოითმინეთ!
დეპრესიის მკურნალობის პროცესი ხანგრძლივი და რთულია. რამდენი დრო დასჭირდება მას, დამოკიდებულია დეპრესიის სირთულეზე (მსუბუქი, ზომიერი, რთული), მკურნალობის მეთოდსა (მხოლოდ აბები, მხოლოდ ფსიქოთერაპია ან ორივე ერთად) და თავად ფსიქოთერაპევტზე. არის შემთხვევები, როცა ფსიქოთერაპევტი ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ პაციენტს არ შეესაბამება.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, სწრაფ ეფექტს ნუ ელოდებით. არ ჰკითხოთ: „უკეთ ხარ?“, რადგან დეპრესიაში მყოფ ადამიანს, შესაძლოა, მოეჩვენოს, რომ მისი მკურნალობის პროგრესი თქვენს მოლოდინს არ შეესაბამება. ამის ნაცვლად ჯობს შეახსენოთ დრო და დრო, აბების მიღება ხომ არ დაავიწყდა, იყო თუ არა ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან, შეეცადეთ ფრთხილად გამოჰკითხოთ სეანსის დეტალები.

იზრუნეთ საკუთარ თავზე!
დეპრესიაში მყოფი ადამიანის გვერდით ყოფნა, შესაძლოა, ძალიან დამღლელი იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ადამიანი ძალიან ახლობელია. ასეა თუ ისე, არ დაგავიწყდეთ ავარიული სიტუაციის მთავარი წესი: ჟანგბადის ნიღაბი, პირველ რიგში, თქვენ უნდა მოირგოთ. თუ თქვენ გინდათ, ძლიერი იყოთ, ამისათვის საკუთარი კომფორტის შეწირვა საჭირო არ არის. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ გაქვთ საკუთარი საზრუნავი და პირადი გრძნობები.

თუ თქვენ ახლობელი ადამიანის დეპრესიიდან გამოსაყვანად პირად ინტერესებს დაივიწყებთ, ამით, შესაძლოა, საკუთარი ჯანმრთელობა დააზიანოთ. ამის თავიდან ასაცილებლად კი შეეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ, რა შეგიძლიათ და რა - არა. საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს მოუსმინეთ და თუ დახმარება გჭირდებათ, მიიღეთ ის, მათ შორის ფსიქოთერაპევტისგან. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ვერაფრით დაეხმარებით დეპრესიაში მყოფ ადამიანს, თუ თავად გახდებით ცუდად.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა