Moderna-ს ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება
ამერიკული კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 ამერიკულ დოლარამდე ეღირება, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის ფასი შეკვეთების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. წლის ბოლომდე „მოდერნა“ ვაქცინის 20 მილიონი დოზის გამოშვებას აპირებს. ამ ეტაპზე, კომპანიასთან მოლაპარაკებას ევროკომისიაც აწარმოებს.
წინასწარი კვლევებით, ამერიკული კომპანია Moderna-ს ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ამასთან, გერმანული მწარმოებლის, BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ მას ვირუსისგან ადამიანების დაცვა 90%-ით შეუძლია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 58 082 876 შემთხვევა გამოვლინდა, 1 379 839 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 37 170 883 - გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.