თეგებით ძიება

"როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა, საიდან ფინანსდები" - მამუკა ხაზარაძე ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება:

"ამ ძალიან მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში ამ თემაში შეყოლას არ ვაპირებ, მაგრამ უნდა ითქვას…

პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი "ქოცური" ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა "ოცნების" “მესიჯბოქსში” და სცენარში მონაწილეობა.

ახლა, გეტყვით ჩვენს პოზიციას - ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებებიდაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ. პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს.

P.S. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა "ოცნების"“მესიჯბოქსით” საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა "ოცნების" მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!", - წერს ხაზარაძე "ფეუსბუქზე".

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

ცეკო-ს განცხადების შემდეგ, "კოალიცია ცვილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაფინანსენის მიღების საკითხზე ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა.

„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“,- დაწერა გვარამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა