თეგებით ძიება

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.

„რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.

„ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11 000 რესტორანია ფიქსირებული, რომელთა 40% თბილისშია და 60% თბილისის გარეთ და ეს ნიშნავს, რომ ისინი პრაქტიკულად ტურისტების და მუშაობის გარეშე დარჩენილები არიან. თბილისში და დიდ ქალაქბში შეიძლება რამოდენიმე ფუნქციონირებს, დანარჩენი გაჩერებულია. დღე არ გადის რესტორნების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ. ამ ყველაფრის შედეგად კი მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, უამრავი უმუშევრად დარჩენილი ადამიანით“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

ასოციაციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ლოქდაუნს შედეგი არც წინა შემთხვევაში გამოუღია, გარდა იმისა რომ ბიზნესი გაანადგურა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პაკეტი კარგია, თუმცა სამუდამოდ დაკეტვის პირას მყოფი ბიზნესისთვის სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთების დასუბსიდირება დიდი შეღავათი ვერ იქნება.

„ლოქდაუნს ვერ მოვიწონებ, რადგან ამას არცერთხელ არ გამოუღია ის შედეგი, რომელსაც ელოდებოდნენ. მსოფლიო დონის ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ლოქდაუნს არანაირი განსაკუთრებული შედეგი არ მოაქვს. ბათუმის ლოქდაუნმა რა შედეგი მოგვცა, გარდა იმისა რომ ეკონომიკა გაჩანაგდა. ვიღაცა ხომ უნდა დაჯდეს და დაფიქრდეს, რომ თუ ამას რა შედეგი მოაქვს, რაიმე შეცვალონ და სხვა ნაბიჯები გადადგან. ქვეყნის გადაქცევა გლდანის ციხედ, ვირუსთან ბრძოლად მიაჩნიათ? მესმის შედეგი მივიღოთ ამ ლოქდაუნებით, მაგრამ არამარტო სარესტორნო ბიზნესი, არამედ ქვეყნის ეკონომიკა გავანადგურეთ და რეალური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ. კარგია კომპენსაციები და სუბსიდირება, თუმცა ეს დიდი ვერაფერი შეღავათია დაკეტვის პირას მყოფი ბიზნესისთვის, ეს რას უშველის. გარდა ამისა, საუბარია დელივერი სერვისით რესტორნების მუშაობაზე, პროდუქცია უნდა დამზადდეს და მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ ეს პროდუქცია ვინ უნდა დაამზადოს, თანამშრომელი როგორ უნდა მივიდეს სამსახურში და შემდეგ უკან სახლში როგორ დაბრუნდება, ამაზე არავინ ფიქრობს“, - აცხადებს გაბრიჩიძე.

მისი თქმით, კორონავირუსით სიკვიდილიანობა არის საკმაოდ დაბალი, დაახლოებით 5%-მდე, ხოლო შიმშილით სიკვდილი არის ბევრად მაღალი პროცენტი, სწორედ შიმშილობა ემუქრება ადამიანების უმეტესობას ამ რეგულაციების შედეგად.

„როდესაც 2 ან მეტი თვე ვეღარ გადავიხდით იჯარას, გამოგვიშვებენ იმ ადგილიდან და ქუჩაში აღმოვჩნებით, როგორ ფიქრობს მთავრობა ეს დახმარებები საკმარისი იქნება, იმისთვის, რომ მარტში თავიდან გავიხსნათ? ახალი სესხი რომ დაგვჭირდება და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს ვინ დაგვეხმარება? უმუშევრობა რომ კატასტროფულად გაიზრდება ამაზე ვინ იზრუნებს? შიმშილით სიკვდილისკენ მივდივართ, კორონავირუსის სიკვდილიანობა 5%-მდეა, ხოლო შიმშილით სიკვდილი გაცილებით მაღალი პროცენტია. ვზრუნავთ ერთზე, მაგრამ არავინ ფიქრობს შიმშილით სიკვდილის წინაშე რამდენი აღმოჩნდება“, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა