თეგებით ძიება
01. 12. 2020 COVID - 19

“ეს ბიოლოგიური ომია, ჩვენი გენერალი დაჭრილი იყო” – კულუმბეგოვი შეზღუდვების აუცილებლობაზე

რომ არა შეზღუდვები, შეიძლება ყოველდღიურად კორონავირუსის 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

კულუმბეგოვმა ჩართვისას შეზღუდვების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა.

„ამის უკან დგას ადამიანების სიცოცხლე. ეს ხომ არ არის დაავადება, რომელიც ვიღაცას შეეხება და ვიღაცას არა. ამ აქლემმა შესაძლოა, ნებისმიერი ოჯახის კარის წინ დაიჩოქოს, ასეთი შედარება არსებობს იგივე ნარკომანიის დროს. ამიტომ რეგულაციების არდაცვა და წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, არასწორია. ძალიან ვთხოვ ყველას, გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები.

ეს ხომ ბიოლოგიური ომია. ჩვენ გვყავს დაჭრილი ადამიანები. ჩვენი გენერალი, მთავარი ინფექციონისტი იყო დაჭრილი, რა შეიძლება მოხდეს მეტი. ეს შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, შესაძლოა დეკემბრის 20 რიცხვიდან ახალ წლამდე ყოველდღიურად 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა