ბოლო 72 საათში უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს - ჯონ კირბი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბოლო 72 საათში უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, აშშ თვალს ადევნებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წინსვლას ზაპოროჟიედან სამხრეთის მიმართულებით.
„ამ კონტრშეტევის ვერცერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ უარყოფს, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას რუსული თავდაცვის მეორე ხაზის წინააღმდეგ“, – განაცხადა კირბიმ.
მან ასევე უპასუხა იმ ადამიანებს, ვინც უკრაინის კონტრშეტევას აკრიტიკებს. კირბის თქმით, პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში წარმატების მიღწევას ცდილობს, უსარგებლოა. თეთრ სახლში ამბობენ, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს, როგორ გააგრძელებს წინსვლას და ისარგებლებს მიღწეული წარმატებით.
„ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, უკრაინელები მზად არიან წინსვლისთვის და რომ მათ აქვთ საჭირო ინსტრუმენტები, მეთოდები, ჩატარებული აქვთ საჭირო ტრენინგი და აქვთ საშუალება პროგრესისთვის“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
მისივე განმარტებით, არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი უკრაინელების ამ პროგრესს უპასუხებს და აუცილებელია, რომ კიევს რუსეთის ძალების ნებისმიერ კონტრშეტევაზე ეფექტური პასუხის გაცემის საშუალება ჰქონდეს.