თეგებით ძიება
01. 12. 2020 COVID - 19

ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი – რას ამბობს კორონავირუსით გარდაცვლილი გოგონას დედა?

გუშინ, კორონავირუსით გარდაიცვლილი თეკლა თორდიას დედა მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. ირმა ხელაშვილის თქმით, 19 წლის გოგონას თანმდევი დაავადება, დიაბეტი ჰქონდა. დედა გამუდმებით ითხოვდა ინფიცირებულის კლინიკაში მოთავსებას, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია, სანამ გოგონას ჯანმრთელობა უკიდურესად არ დამძიმდა. ამის შესახებ მან “მთავარ არხს” განუცხადა.

“საერთოდ, დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ ბავშვისთვის, რომ დავრეკე სასწრაფოში და ვუთხარი, ასეთი დიაბეტიანი ბავში მყავს, რისკჯგუფშია და გეხვეწებით, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი, მოვიდა სასწრაფო, ტესტირებაზე წაგვიყვანეს და უკან გამოგვისტუმრეს მას შემდეგ, რაც პასუხი დადებითი აჩვენა ტესტმა. ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი. წაგვიყვანეს კოვიდ-სასტუმროში, ვუთარი – სასტუმროში რა გვინდა, კლინიკა მჭირდება მეთქი.

დამძიმდა, შაქარი უკვე მაღალზე ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა ბავშვი, წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავდა. ექიმს ტელეფონით ეკონტაქტებოდა, მას კი საერთოდ არც შეუხედავს. ვრეკავდი სასწრაფოში, სასწრაფო ჯანდაცვაში მამისამართებდა, ჯანდაცვამ – ჩვენ ვერაფერს გეტყვით, ისევ სასწრაფოს მიმართეთო. ამ სიტუაციას რომ შეესწრო ვიღაც, რომელიც იმავე სასტუმროში მკურნალობდა, გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელი ყოფილა, მან დარეკა იმ ჰოსპიტალში და ხვეწნა-მუდარით გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობა დაგვიანებული იყო. ვუთხარი, იქნებ რემდესივირი ჩაურთოთ მკურნალობაში-მეთქი, მითხრეს, რომ ამ პრეპარატს უკუჩვენებები ჰქონდა და ვერ უმკურნალებდნენ ამით” – განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ ირმა ხელაშვილმა.

კორონავირუსით 19 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს. გერმანული ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი ეკატერინე ლორია აცხადებს, რომ პაციენტი მათთან კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.​

„პაციენტი გერმანულ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში 24 ნოემბერს, 21:00 საათზე შემოიყვანეს. ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო აყვანილი, დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება.

კრიტიკული მდგომარეობის გამო, გადაყვანილ იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. 29 ნოემბერს დაფიქსირდა სიკვდილი“, – განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

progressnews.press


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა