თეგებით ძიება

რა შეღავათებს მიიღებს ბათუმის მოსახლეობა?

დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. სხდომას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმში COVID-19-ით გამოწვეული გარემოებების გამო შეღავათების დაწესებას მოსახლეობისთვის, იურიდიული პირებისა და ინდ. მეწარმეებისთვის.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

შეღავათი მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით გავრცელდება, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის იანვრამდე.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან. გარდა ამისა, დასუფთავების მოსაკრებლი არ დაერიცხებათ იმ პირებს (დაწესებულებები, ორგანიზაციები იურიდიულ პირები და ინდივიდუალურ მეწარმეები), რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებენ (შეწყვეტილი აქვთ საქმიანობა ან სხვ.), შესაბამისად, არ წარმოქმნიან ნარჩენებს.

ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკასა (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილში.

ცვლილების ინიცირების საფუძველია შპს ,,ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტის’’ განცხადება, რომლითაც განმცხადებელმა მოითხოვა ბათუმში მდებარე კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ზონის სტატუსის ცვლილება ინდუსტრიულ ზონად, რადგან ტერიტორია წარმოადგენს ინდუსტრიული ზონის შემადგენელ ნაწილს და შემოფარგლულია სხვადასხვა მძიმე და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტით. აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ტერიტორიად რეაბილიტაცია მოითხოვს მნიშვნელოვან სახელმწიფო სახსრებს, რაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. აღნიშნული ცვლილება კი, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და განაპირობებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამრეწველო ობიექტებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

საკრებულომ მხარი დაუჭირა საკითხს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N34 განკარგულებაში ცვლილების შესახებ. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, საპრივატიზებო ობიექტების პრივატიზების გეგმაში N76 პუნქტით განსაზღვრული, პირობიანი აუქციონით განსაკარგი ობიექტის საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 03 თვეში. ობიექტის დასახელება - ჭავჭავაძის ქ. №75-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი. საწყისი საპრივატიზებო საფასური 307780,00 ლარს შეადგენს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი, ან მოსარგებლე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდება.

იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა ეთვლებათ 2020 წლის 1 მარტიდან და მიმართავენ ბათუმის მერიას პრივატიზებულ, სარგებლობის, ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის მოთხოვნით, დამატებითი ვადის ათვლა დაეწყებათ 2020 წლის 1-ლი ივლისიდან, თუ ეს ვალდებულება წარმოშობილია 1-ელ ივლისამდე.

მათ, ვისაც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული, ან დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება სურს, ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის მიეცემათ დამატებით 4 თვე და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული, ან დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან. ხოლო იმ პირებს, ვისი ვალდებულების შესრულების ვადა დადგება 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვადის ათვლა დაეწყებათ ამ ვადის დადგომის დღიდან.

იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე წარმოეშობათ საპრივატიზებო ან სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება და 2021 წლის 1-ელ მაისამდე მიმართავენ მერიას საფასურის გადახდისათვის დამატებითი ვადის მიცემის მოთხოვნით, მიეცემათ დამატებითი ვადა საფასურის გადასახდელად არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელ ივნისამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოსგან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების) უფლებით მიმღებ პირთათვის საფასური მცირდება ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში. შესაბამისად, წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, თვეების გაანგარიშებით.

შეღავათი გავრცელდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულ ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება-შეზღუდვებზეც დეკემბერისა და იანვრის განმავლობაში და ამ შემთხვევაში წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის (დეკემბერი, იანვარი) გადასახდელი თანხის ოდენობა.

აღნიშნული შეღავათების მიღების მიზნით საჭიროა შესაბამისი შინაარსის განცხადების წარდგენა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 01 მაისამდე.

ცვლილება შევიდა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიღებულ განკარგულებაში. ცვლილება გულისხმობს ბინების განაწილების კრიტერიუმის განსაზღვრას სულადობის მიხედვით.

მიმდინარე ეტაპზე დასრულებულია განაცხადების მიღება და შესაბამისი კომისის მიერ მიმდინარეობს განაცხადების გადარჩევა. შერჩეული ოჯახებისთვის ბინების გადაცემა უნდა მოხდეს შემდეგი წესით: 1 და 2 სულიანი ოჯახისათვის - ერთოთახიანი ბინა, 3 და 4 სულიანი ოჯახისათვის - ოროთახიანი ბინა, ხოლო 5 და მეტსულიანი ოჯახისათვის - სამოთახიანი ბინა. შერჩეულ ოჯახს ხელმისაწვდომი საცხოვრისი გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი სხვა კრიტერიუმენთან ერთად აკმაყოფილებს კონკრეტული ბინისათვის ყოველთვიური შენატანის კუთხით დადგენილ კრიტერიუმს. ასევე დგინდება, რომ ოჯახს შესაძლებელია გადაეცეს სხვა სულადობისათვის განსაზღვრული ბინა იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის საბოლოო განაწილების შედეგად დარჩება გაუნაწილებელი ბინა და ოჯახი სრულად აკმაყოფილებს სხვა სულადობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, გარდა ოჯახების სულადობისა.

ცვლილება შეეხო „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტს. კერძოდ, შემოსავლის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულას და ცხრილში, ნაცვლად „ბინის გადასახადის ყოველთვიური შენატანის ორმაგი ოდენობისა“, მნიშვნელობა განისაზღვრება ,,ბინის გადასახადის ყოველთვიური შენატანის სამმაგი ოდენობით“, ცვლილება ასევე შევიდა გამფილტრავი კომპონენტის პუნქტებშიც. ცვლილებების მიზანია ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტით განსაზღვრული ბინის გადასახადის ყოველთვიური შენატანის ოდენობის დაზუსტება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით ვადა გადაიწევს 2021 წლის 1-ელ აპრილამდე. აღნიშნული წესი მოაწესრიგებს გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელ საკითხებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა