თეგებით ძიება

რა უნდა ვიცოდეთ შაკიკზე?

რა უნდა ვიცოდეთ შაკიკზე?
შაკიკი (ჰემიკრანია) გავრცელებული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავის მფეთქავი ან მოპულსირე ტკივილი. შაკიკის სიმპტომებზე, გამომწვევ მიზეზებსა და ტკივილის მართვაზე „ავერსის კლინიკის“ ექიმი-ნევროლოგი გვანცა გიორგაძე გვესაუბრება.

შაკიკი ძირითადად ვლინდება თავის ძლიერი ტკივილით. თავის მხრივ, არსებობს პირველადი და მეორეული თავის ტკივილი. პირველადი თავის ტკივილი დაავადებაა, ხოლო მეორეული კი სხვა დაავადების სიმპტომი. შაკიკი პირველადი თავის ტკივილის რიცხვს მიეკუთვნება.

შაკიკმა შეიძლება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში იჩინოს თავი, თუმცა სტატისტიკურად მეტად გავრცელებულია 30-40 წლის ქალებში. ბავშვთა ასაკში ბიჭებში უფრო ხშირად გვხვდება, ხოლო სქესობრივი მომწიფების შემდეგ მდედრობით სქესში მატულობს აღნიშნული პათოლოგია.

შაკიკის შეტევა შეგდება შემდეგი სტადიებისგან:

I ფაზა - პროდრომული: საწყისი პერიოდია, რომლის სიმპტომები თავის ტკივილამდე ვლინდება 1-2 დღით ადრე აღგზნებით, დეპრესიით, სისუსტით ან პირიქით მოზღვავებული ენერგიითა და მადით.

II ფაზა - აურა: თავის ტვინის გარკვეული ნაწილის ფუნქციების ხანმოკლე და გარდამავალი დარღვევა, სიგნალი თავის ტვინიდან, რომელსაც დროებით აზიანებს შაკიკი. აურა რამდენიმე ტიპისაა, მაგრამ უფრო ხშირია მხედველობითი აურა, რაც გამოიხატება მხედველობის არეში შავი ლაქების, ნათელი ან მოციმციმე წერტილების გაჩენაში. არსებობს სენსორული აურის ტიპიც, რომელიც უფრო იშვიათია. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია ხელის თითების, კიდურების, სახისა და ენის დაბუჟება სხეულის ერთ მხარეს.

III ფაზა - თავის ტკივილი ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე საათიდან - 2-3 დღემდე. ტკივილი ძირითადად მოიცავს შუბლისა და საფეთქლების მიდამოს მფეთქავი პულსაციებით. ტკივილი ძლიერდება რუტინული მოძრაობების დროს, მკვეთრ სინათლესა და ხმაურზე. ტკივილს ხშირ შემთხვევაში ახლავს გულისრევა, ზოგჯერ კი ღებინება.

IV ფაზა - პოსტრომი: ეს უკანასკნელი ფაზაა, თავის ტკივილის მომდევნო ეტაპი. ამ დროს ადამიანი თავს სუსტად გრძნობს და გაღიზიანებულია. სრული რეაბილიტაციისთვის ერთი სრული დღეც კი შეიძლება დასჭირდეს.

შაკიკის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი უცნობია, მაგრამ თანამედროვე მედიცინის თანახმად, ის გენეტიკურად განპირობებული ნეირონული დაავადებაა. აღსანიშნავია, შაკიკის შეტევების ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორები:

- სტრესი

- მენსტრუაცია

- ამინდის ცვალებადობა

- დიეტური კვება, შიმშილი

- ალკოჰოლური სასმლის დალევა(ღვინო)

- ხელოვნური დამატკბობლების შემცველი საკვების მიღება

- ძილის რეჟიმის დარღვევა (იგულისხმება როგორც ძილის ნაკლებობა, ისე ზედმეტი ძილი)

გაითვალისწინეთ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა შესაძლოა სხვა ფაქტორმაც გამოიწვიოს შაკიკის შეტევა , რაც ინდივიდუალურია და დამოკიდებული ადამიანის იმუნურ და ნერვულ სისტემაზე.

შაკიკის დიაგნოსტირება და მკურნალობა:

შაკიკის ინსტრუმენტული ან ლაბორატორიული კვლევა არ არსებობს. მისი დიაგნოსტირება ხდება თავის ტკივილის სიხშირესა და მაპროვოცირებელ მიზეზებზე დაკვირვებით.

შაკიკისგან განკურნების მეთოდი არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია თავის ტკივილის ეფექტური მართვა. მედიკამენტური მკურნალობა ორ ნაწილად იყოფა შეტევების, ე.წ. მწვავე მკურნალობა და პროფილაქტიკური თერაპია.

შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა ინიშნება სპეციალისტის მიერ, იმ შემთხვევაში თუ:

- შეტევები ხშირია (თვეში მინიმუმ 4-ჯერ მეორდება), ხანგრძლივი (ტკივილი გრძელდება არანაკლებ 12 საათისა) ან ძალზედ ძლიერი (არ ექვემდებარება გამაყუჩებლებს).

- შეინიშნება შრომისუნარიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესება

- არსებობს მენსტრუალური შაკიკი

გახსოვდეთ, ხშირი თავის ტკივილის დროს სწორი დიაგნოზის დასასმელად და დროულად სამკურნალოდ მიმართეთ შესაბამის ექიმ-სპეციალისტს.




Aversiclinic.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა