თეგებით ძიება

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, გრიპის ვაქცინით აცრილ ადამიანებში კორონავირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დილის შოუ“ გრიპის ვაქცინის ეფექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომელთაც აღნიშნული ვაქცინაცია ჩაიტარეს, კორონავირუსს შედარებით მარტივად უმკლავდებიან.

მისივე განმარტებით, COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვა სეზონური გრიპის შემთხვევათა რაოდენობასაც ამცირებს.

„გრიპის გავრცელების თვალსაზრისით, სამყარო „ამოტრიალებულია“; როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარია, სამხრეთში ზაფხულია და - პირიქით. როცა ჩვენთან ზაფხული იყო, ბრაზილიაში, არგენტინაში, ახალ ზელანდიაში და ა.შ. იყო ზამთარი. შესაბამისად, სადაც იცავდნენ სოციალურ დისტანციას, ატარებდნენ პირბადეს და ვაქცინაცია კარგად იყო გავრცელებული, გრიპის გავრცელების უპრეცედენტოდ დაბალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამავე დროს, ვინც გრიპზე იყო აცრილი, კორონავირუსის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქი ჰქონდა და ადვილად გადაიტანეს ეს დაავადება, იმ პაციენტებთან შედარებით, ვინც გრიპზე არ იყო აცრილი. გრიპის ვაქცინა არის სპეციფიკური დამიზნების, რომ ადამიანს გრიპი არ შეხვდეს, მაგრამ იმუნური სიტემა რეაგირებს ამ უცხო აგენტზე“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ კვირაში „ბე“ ტიპის ვირუსი მიმდინარე სეზონზე პირველად დაფიქსირდა. „ა“ ტიპის ვირუსის ცირკულირება კი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 189 726 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 158 183-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 790 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1 010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 869 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 3 077 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა