თეგებით ძიება

შობის წინ ევროპაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში ბოლო კვირების განმავლობაში​ დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე შობის დღესასწაულის წინ შეზღუდვები გამკაცრდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნიდერლანდებში 5-კვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. ქვეყანაში დაიკეტა თეატრები, სპორტული დარბაზები და მაღაზიები.

გერმანიაში კი, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ოთხშაბათიდან მკაცრი ლოკდაუნი ამოქმედდება, რომელიც 10 იანვრამდე გაგრძელდება.

ამასთან, საფრანგეთში ლოკდაუნი აღარ არის, თუმცა ქვეყანაში კვლავ მოქმედებს ფართო შეზღუდვები. კვლავ დახურულია ბარები და რესტორნები, 20:00-დან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც შობის ღამეს მოიხსნება.

შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობენ იტალიაშიც, სადაც გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი 500-მდე გაიზარდა. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა შესაძლოა ახალი ლოკდაუნი შობიდან ახალ წლამდე ამოქმედდეს.

ესპანეთმა სადღესასწაულოდ ახალი წესები დაამტკიცა. ქვეყნის რეგიონებს შორის მოგზაურობა ნებადართულია, თუმცა 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალული იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა