თეგებით ძიება
21. 12. 2020 მსოფლიო

ახალი "ბეთლემის ვარსკვლავი"? - სატურნისა და იუპიტერის "შერწყმა" ზამთრის ბუნიობის დღეს, 21 დეკემბერს დაემთხვა

21 დეკემბერს ზამთრის ბუნიობაა - წლის განმავლობაში დედამიწაზე ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე იქნება, რაც ყოველწლიურად ხდება. დღეს მზე ჰორიზონტთან ყველაზე ახლოს იქნება, რაც დღის სიმოკლეს და ღამის ხანგრძლივობას განაპირობებს. წლის ყველაზე მოკლე დღე 7 საათს, 49 წუთს და 41 წამს გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ წელს ამ მოვლენას კიდევ ერთი იშვიათი ასტრონომიული მოვლენა - იუპიტერისა და სატურნის "შერწყმა" დაემთხვა. ეს ორი პლანეტა ერთმანეთს ისე ახლოს ჩაუვლის, რომ დედამიწიდან დაკვირვებისას ის ერთიან ციურ სხეულად წარმოჩინდება. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ეს მოვლენა დაახლოებით 800 წლის წინ 1226 წლის 4 მარტს მოხდა, ხოლო შემდეგი - 2080 წლის 15 მარტს.
ფაქტი, რომ ეს მოვლენა 21 დეკემბერს, ზამთრის ბუნიობის დღეს, კათოლიკური შობის მიჯნაზე ხდება, გახდა საფუძველი ახალი თეორიის დაბადებისა - დასავლეთის სამყაროს ზოგიერთი მეცნიერი თუ თეოლოგი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მოვლენა არის აღწერილი სახარებაში, როგორც "ბეთლემის ვარსკვლავი" - იესო ქრისტეს შობის წინ მოგვებმა, აღმოსავლელმა ბრძენმა ვარსკვლავთმრიცხველებმა, უჩვეულო ვარსკვლავი იხილეს, მიყვნენ მას და იერუსალიმში ჩავიდნენ:

"1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:

2. სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა." (მათე 1. 1-6).

პირველად გერმანელმა მეცნიერმა იოჰან კეპლერმა ХVII საუკუნეში გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მათეს სახარებაში მოხსენიებული "ბეთლემის ვარსკვლავი", რომელმაც მოგვებს იესო ქრისტეს დაბადების ადგილამდე უჩვენა გზა, შესაძლოა სწორედ სატურნის და იუპიტერის „შეერთება“ იყო.

იგი ამ მოვლენას თვალს ადევნებდა 1603 წელს და გამოთვალა, რომ წინა მსგავსი მოვლენა ჩვენს ერამდე 6 წელს უნდა მომხდარიყო.

ასტრონომიული მოდელი გვიჩვენებს, რომ სატურნისა და იუპიტერის „შეერთებას“ ჩვენს ერამდე 6 წელს არანაირად არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ბეთლემის ვარსკვლავობაზე.

თუმცა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის პროფესორი კაროლინ კროუფორდი არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას: „2 ათასი წლის წინათ ადამიანები გაცილებით უკეთ იყვნენ გათვითცნობიერებულნი, რა ხდება ცაზე, ამიტომ არაფერია შეუძლებელი იმაში, რომ ბეთლემის ვარკვლავის ქვეშ მოვიაზროთ პლანეტარული შეერთება, იმის მსგავსი, რომელსაც მალე დავინახავთ“.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ გარკვეული ვარაუდია და არავის შეუძლია მისი დამტკიცება, ასე რომ, მეცნიერების ყურადღება იუპიტერისა და სატურნის შერწყმაზე დაკვირვებასა და შესწავლაზეა კონცენტრირებული.

სად და როგორ დავინახოთ სატურნ-იუპიტერის „შერწყმა“

სატურნისა და იუპიტერის დაახლოება უკვე დაწყებულია და ამ 2 ციური სხეულის დაკვირვება დედამიწის მცხოვრებლებს ყოველ უღრუბლო საღამოს შეუძლიათ.

მათი ვიზუალური „შეერთება“ კი სწორედ 21 დეკემბერს საღამოს, ყველაზე გრძელ ღამეს მოხდება და თუ ცა მოწმენდილი იქნება, ამ მოვლენის დანახვა შესაძლებელია ჰორიზონტის ხაზთან ახლოს, ცის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ასტრონომების თქმით, იშვიათი ასტრონომიული მოვლენას შეგვიძლია არა მარტო ტელესკოპებით და ჩვეულებრივი ბინოკლებით დავაკვირდეთ, არამედ შეუიარაღებელი თვალითაც, უმჯობესია, მაღალი ადგილიდან.

თუ ცა მოწმენდილი არ იქნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე ასტრონომიული აპლიკაცია სმარტფონებისთვის, მაგალითად, როგორიცაა Star Walk, რომელიც ვარსკვლავებიან ცაზე ორიენტირებაში დაგეხმარებათ.

ამასთან, Youtube-უკვე მიდის ამ მოვლენის LIVE ტრანსლაცია

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა