უკრაინის გამარჯვების გეგმა პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, დამოკიდებულია სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა მიიღონ პარტნიორებმა.
„გეგმა ეფუძნება გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, პროცესის გადადების გარეშე. ეს არის ჩვენი იმედი. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გეგმა იმუშავებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რაც შეეხება გამარჯვების გეგმას, მსურს ვიყო თანმიმდევრული ადამიანი და განვიხილო მისი ყველა დეტალი, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის პრეზიდენტთან, რადგან გეგმის გადაწყვეტილებების უმეტესობა მასზეა დამოკიდებული. არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც შეერთებული შტატების კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ის მხარს დაუჭერს ამ გეგმას“, - დასძინა მან.