"გთხოვთ, ნუ შემომივარდებით კედელზე „ვისაც პურის ფული არ აქვს, იმან რა ქნას“ ძახილით, ახალი დეპუტატები გვყავს და მათ აუჭრელეთ კედლები (გვერდებიც შეიძლება)"
90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი, თეა გვასალია, მოსახლეობას პანდემიის დროს სხვადასხვა სასარგებლო საქმიანობით დაკავებას ურჩევს.
"გადის წელი, რომელმაც მსოფლიო დაამუხრუჭა, საერთო ხათაბალა დაატეხა თავს და თვალით უხილავი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა. ამ საძაგელმა ვირუსმა სახლში გამოგვკეტა და ფასეულობები და პრიორიტეტები ამოგვიყირავა. ერთ რამეზე ყველა შევთანხმდით, ჯანმრთელობის ფასი ამ ქვეყნად არაფერია, დანარჩენ საკითხებში ყველამ ჩვენ-ჩვენი კორონადასკვნა გამოვიტანეთ.
ჩემი აზრით:
1. რაც არ უნდა სტაბილური სამსახური და შემოსავალი გქონდეს, ბოლო თეთრები მილანში საშოპინგოდ არ უნდა დახარჯო, არც დიდი რაოდენობით ვალი აიღო, რადგან არაა გამორიცხული, ერთ დღეს მილიარდნახევარი ჩინელიდან რომელიღაცამ მაჩვის კუჭმაჭი შეჭამოს და ისევ დააპაუზოს მსოფლიო, ირბინე მერე და აქეთ ბანკებს ეღრიჯე სესხის გადავადებაზე და იქით იმაზე იდარდე, შვილებს რა აჭამო.
2. სახლში გამოკეტვის გამო ნერვოზი არ უნდა დაიმართო და როცა ჩათვლი, რომ ძალიან უბედური ხარ, რადგან დიდი ხანია „პოლის“ კრუასანები არ გიჭამია, ანა ფრანკი და მისი ოჯახი გაიხსენე და შენი კარანტინი ღვთის წყალობად მოგეჩვენება.
3. გამოიყენე იძულებითი პატიმრობა და რამე ახალი ისწავლე: უცხო ენა, კულინარია, ხელსაქმე, ბოლოს და ბოლოს ტაროს კარტის გაშლა. აქციე სახლი „კარცერ ლუქსად“, მაგრამ თუ დოჩანაშვილი წაკითხული არ გაქვს და „კარცერი ლუქსი“ პირველად გესმის, ეს პუნქტი გამოტოვე და ტაროს კარტს დაუბრუნდი.
როგორც ყველა ეპიდემია, ესეც მოჭამს თავისას და ახალ ცხოვრებას დანევროზებულები და დაჩაჩანაკებულები კი არა, ახალი ცოდნით და გეგმებით შევეგებოთ. და ძალიან გთხოვთ, ნუ შემომივარდებით კედელზე „ვისაც პურის ფული არ აქვს, იმან რა ქნას“ ძახილით. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც გული მიკვდება მათი ცოდვით. პანდემიის დროს ასეთ მოსახლეობაზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია. აგერ ბატონო, რამდენი ახალი დეპუტატი გვყავს და მათ აუჭრელეთ კედლები (გვერდებიც შეიძლება)", - წერს თეა გვასალია.