როგორ და საიდან გაიქცა ბადრი ესებუა? – რას ჰყვება მამა?
საუკუნის კრიმინალურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღება, რომელიც ქალაქ ზუგდიდში 21 ოქტომბერს მოხდა.
12 დეკემბერს სამართალდამცველებმა ძებნილი. ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს.
ბიძინა ესებუა
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები, თოკი და ტანსაცმელი ამოიღეს. ბიძინა ესებუა დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ბიძინა ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას ინფორმაციით, “ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი და სხვა ნივთები პოლიციამ ავტომანქანაში ჩაუდო. მისი ავტომანქანა ორი დღე სამსახურთან იდგა და საბარგული არ იკეტებოდა. ჩადებულია ორი ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ცალი ტყვია, საჭმელი და თოკი. პოლიციის ვერსიით, ისინი ბიძინას თავის ძმასთან მიჰქონდა, მაგრამ გზაში დააკავეს. ძმასთან თუ მიჰქონდა, თვალთვალი რატომ არ გააგრძელეს და რატომ არ გაყვნენ ბოლომდე? იქნებ მართლა შემდგარიყო ეს კონტაქტი და ძებნილი ეპოვათ? უბრალოდ, რაღაც უაზრო თემაა. ცხადია, რომ ჩაუდეს. ვფიქრობ, ბიძინა ესებუა სატყუარად გამოიყენეს და ამით ძებნილ ბადრი ესებუაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ”.
ambebi.ge-სთან საუბარში ძებნილის მამა ტარიელ ესებუა ამბობს, რომ ბადრი უდანაშაულოა და გამოთქვამს შიშს, რომ მის შვილს მოკლავენ.
“ვინც ტელევიზიით აჩვენეს, ის არაა ჩემი შვილი, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. თავდამსხმელს არც ბადრის თვალები ჰქონდა, არც სიმაღლე და არც მანერები… ჩემი აზრით, ბადრი იმიტომ არ ჩნდება, ეშინია, რომ მოკლავენ. მეც ძალიან მეშინია, მისი დაკავების მომენტში არ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. არ მინდა შვილი მომიკლან, ისედაც განადგურებული ვართ მთელი ოჯახი. ნაინფაქტარი კაცი ვარ და მას მერე ძლივს მიდგას სული. დედამისს ნერვიულობის ფონზე ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, ლაპარაკიც უჭირს…
ისიც არ ვიცით, ცოცხალია, თუ მკვდარი ჩვენი შვილი. ცოცხალი თუა, მეშინია აყვანის დროს არ მოკლან. ამაზე ფიქრით გავნადგურდით ორივენი… ჩვენ არც ისე გვიჭირდა, არც ისეთი ღარიბები ვართ, ფულის გამო ბადრი ამხელა რისკზე და დანაშაულზე წასულიყო, ამას ვერაფრით ვიჯერებ.
ოჯახს სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოგვყავდა, რაღაც შემოსავალი გვქონდა, ყველანი ერთად ვშრომობდით.. ადრე ბადრიც და ბიძინაც სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ, შემდგომ წამოვიდნენ სამსახურიდან და ბოლო პერიოდში ბადრი სენაკის მეორე ბრიგადაში აღადგინეს. ბადრი გულითადი, მეგობრული და მზრუნველი ბიჭი იყო, ჯარშიც ყველა დადებითად ახასიათებს. გვიკვირს, რა ტრიალებს ჩვენს თავს. სამი ვაჟი გავზარდე, ბადრი ყველაზე უმცროსია. ახლა უფროსი შვილიც – ბიძინაც დააკავეს. დარწმუნებული ვარ, ის არაფერ შუაშია. პოლიციას თუ ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბიძინა ძმასთან უნდა მისულიყო და ნივთები მიეწოდებინა, წესით, კვალზე უნდა მიჰყოლოდნენ. ამას ბავშვიც არ დაიჯერებს.
დარწმუნებული ვარ, ის ნივთებია მას ავტომანქანაში ჩაუდეს. ალბათ ცდილობენ, ბადრი როგორმე გამოვიდეს და შეცდომა დაუშვას”.
კითხვაზე, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას ბადრი ესებუას წინააღმდეგ, მამა პასუხობს:
“როგორც ვიცი, არც აქვთ უტყუარი მტკიცებულებები. უბრალოდ, საზოგადოებრივი აზრია შექმნილი, რომ დამნაშავე ბადრია. როგორც მითხრეს ერთადერთი, რაც აქვს გამოძიებას, ისაა, რომ სახლიდან ამოღებული აქვთ ერთი მასრა. ადვოკატი მეუბნება, შემთხვევის ადგილზე სამი გასროლა მოხდა და 4 მასრაა ამოღებულიო. ეჭვი გვაქვს, რომ ის ერთი მასრა სხვა იარაღიდანაა და ის სხვა აღმოჩნდა ჩვენს სახლში. ან რა ვიცი, სახლში იპოვეს? იქნებ არცაა მისი, მოიტანეს და ჩადეს? მეორე მტკიცებულებად ის აქვთ, ბადრის ხმის იდენტურობა დავადგინეთო – შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბადრის ტელეფონით ჰქონია დანარეკი 112-ში და როგორც გვეუბნებიან, იქედან ამოღებული ხმის ნიმუში ბანკის თავდამსხმელის ხმას დაემთხვა. გვითხრეს, ფონოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაასკვნაო, მაგრამ ესეც საეჭვოა და არც ამის მჯერა”.
ტარიელ ესებუას თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, სად შეიძლება იმალებოდეს მისი შვილი და არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ის ცოცხალიც აღარ იყოს.
“არ ვიცი, საქართველოშია თუ არა ჩემი შვილი. იმასაც ვფიქრობ, შეიძლება ცოცხალიც აღარაა… 26-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ბადრი ესებუა იყო და მას მერეა, რაც იმალება. ბადრი დეიდაშვილთან იყო მისული. ტელევიზიით რომ გავრცელდა ბადრის სახელი, ეს მასზე ადრე ბიძინამ გაიგო და როცა მასთან მივიდა, უთხრა ძმას, ასეა საქმეო. მერე ბადრიმ ძმას გასაღები გამოართვა, ბიძინა დეიდაშვილთან დატოვა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ისე, რომ არაფერი დაუბარებია. ბიძინას ამის მეტი ძმასთან შეხება არ ჰქონია. მერე ის მანქანა ისეთ ადგილას გაჭედილა, ბადრიმ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ფეხით წასულა. მას მერე იკარგება ბადრის გზა-კვალი და ბიძინას და არც არავის მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. არ მინდა, ჩემი შვილი მოკლან… მინდა, ყველაფერი გაირკვეს, სიმართლე დადგინდეს, მეტი არაფერი, თორემ შეიძლება ამ სიტუაციას მთელი ოჯახი ვემსხვერპლოთ”.
ამბები.ჯი