თეგებით ძიება
06. 01. 2021 მსოფლიო

google-ს კულტურულმა ინსტიტუტმა თავისი პლატფორმა დადიანების სასახლეების კულტურულ მემკვიდრეობათა მიმოხილვას მიუძღვნა

GOOGLE-ის კულტურულმა ინსტიტუტმა თავისი პლატფორმა დადიანების სასახლეების კულტურულ მემკვირდეობათა მიმოხილვას მიუძღვნა. გამოფენა, სახელით, „დადიანების სასახლეების საგანძური“ 6 დეკემბერს 01:00 საათზე გაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისტორიკოსი და დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს.

კალანდიას განცხადებით, ამ გამოფენის მიზანია მსოფლიოს მიერ საქართველოს უმდიდრესი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ შეცნობა.

"დაახლოებით 4 თვის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ დავინიშნე, ხელოვნების სასახლის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ამ უნიკალური ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის თვისობრივად ახალ მუზეუმად გარდაქმნა და მისი საგანძურის პოპულარიზაცია დავისახეთ მიზნად! ძალიან ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, თუმცა არ გავჩერებულვართ და შეიძლება ითქვას შეუძლებელი შევძელით! მსოფლიოს უდიდესმა, გუგლის კულტურულმა ინსტიტიტუტმა თავის პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო! ზუგდიდი ხელოვნების სასახლის შემდეგ მეორე ქართული მუზეუმია რომლის კოლექციაც მრავალმილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა. „დადიანების სასახლეების საგანძური“ ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც წუხელ ღამის პირველ საათზე ჩაიტვირთა. ნიუ იორკში ამ პროცესს ჩვენი წარმომადგენელი მერი ხარაიშვილი უწევდა კოორდინაციას, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა, გამოფენა ლილი ბერაიას ნაშრომისა და ტექსტის საფუძველზე ხელოვნების სასახლის თანამშრომელმა მარიამ კიკვაძემ მოამზადა, მოამზადა თანაც ზედმიწევნით. ამ გამოფენას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველი მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი წარსული და ამასთანავე კულტურის, პირუთვნელი ფაქტების ენით მსოფლიოს დაანახოს ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის ისტორიული საფუძვლები. სწორედ ამიტომაც დამთვალიერებელი აქ იხილავს აფხაზეთიდან: ილორის, მოქვის უძვირფასესს ოქროს ხატებს დამშვენებულს ქართული წარწერებით და ქართველ ისტორიულ მოღვაწეთა სახელებით. მხოლოდ აქ, მხოლოდ გუგლის ტექნოლოგიების წყალობით უმცირეს დეტალებამდე შეგიძლიათ დაათვალიეროთ სამეგრელოს განძი, რომელიც ასე ბრწყინვალედ, ასე პომპეზურად მთელი მსოფლიოს გასაოცებლად და გასაოგნებლად პირველად გამოიფინა! ვულოცავ საკუთარ თავს, ხელოვნების და ზუგდიდის სასახლეების თანამშრომლებს!", - აცხადებს გიორგი კალანდია.



გამოფენის ლინკი იხილეთ აქ

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ მუზეუმში მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები ინახება. მუზეუმის მიმდებარედ გაშენებულია 67 ჰექტარი ტყე-პარკი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები და ბუჩქები ხარობს

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა