საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტი ისევ შემცირდა - ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი პარტნიორი კვლავ რუსეთია
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 173 900 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 43.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა და 1 825 200 000 აშშ დოლარს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
2024 წლის იანვარ-აგვისტოს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (376.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (287.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (181.7 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 219.3 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 195.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 147.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1 პროცენტი).
ადგილობრივი წარმოების მთავარი საექსპორტო საქონელი რუსეთში ყურძნის ნატურალური ღვინოებია. თურქეთში ტრიკოტაჟის ნაწარმი, ჩინეთში სპილენძის მადნები და კონცენტრატები.
ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.