"მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ "გახარია არ უნდა იყოს სიაში“ - პრეზიდენტმა დამიცვა" - გიორგი გახარია
მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში - ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მე დამიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და მის პარტიას შორის შეჩერებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ახლა აღნიშნული პრობლემა, გახარიამ აღნიშნა, რომ მას საკუთარი თავის სიაში ყოფნის პირობა არ წამოუყენებია.
"გულწრფელად გეტყვით, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, მაგალითად, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, გულწრფელად მინდა ვთქვა - ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი. ვთქვი, რომ პრობლემაათქო? პრინციპებში ჩამოვთვალე? ერთ რამეს გეტყვით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მე მარტო არ ვარ. არასდროს ვამბობ, რომ პარტია საქართველოსთვის ვარ მხოლოდ მე. ჩემ უკან უზარმაზარი გუნდია. თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი ძალიან მდგრადია. ეს ადამიანები დაახლოებით ათი წელია ერთად ვშრომობთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ბევრი ვერ დავარწმუნე. როდესაც ვსაუბრობდით, იმ დონეზე ვიყავით მისულები, რომ ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი - მეგობრებო, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში შესვლა, სადაც მე ვერ ვიქნები. ბევრმა უარი თქვა. ზოგი წინააღმდეგი იყო.
ამიტომ ვამბობ, ამ ეტაპზე ამ მოლაპარაკებებისთვის წერტილის დასმა განსაზღვრული იყო არა მხოლოდ იმ წინააღმდეგობებით, რომლებიც მოლაპარაკებებში იყო, არამედ ასევე, ვადებითაც. ამას რატომღაც მეორე მხარე არ ამბობს. მათ ახლა ჰგონიათ, რომ წნეხის გაზრდით რაღაცა კარგ შედეგებს მიაღწევენ და ვერ მიაღწევენ! შეიძლება ყველანი დავზიანდეთ.
მე ხომ ჩემს შეცდომებს ვაღიარებ და ამის პრობლემა არა მაქვს. პირველი შეხვედრის შემდეგ მკაფიოდ ვთქვი, რომ ხვალ ამას წერტილი უნდა დაესვას. ნუ, ვერ დავუსვი. იმიტომ, რომ მე არ ვიყავი მარტო ერთი მხარე, იქ კიდევ ერთი მხარე იყო, იყო ქალბატონი პრეზიდენტი და ვერ დავუსვი. ვამბობ, რომ ეს იყო შეცდომა. რაც უფრო მეტი დრო გავიდა, ჭაობში მივდიოდით და აქეთ კიდევ ყველაფერი იკეტებოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.