თეგებით ძიება
20. 09. 2024 მსოფლიო

ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა

ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 309-მა დეპუტატმა, 201 წინააღმდეგი იყო, ხოლო 12-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია მოითხოვს ნიკოლას მადუროს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაცემას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“ და „ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის.“

ევროპარლამენტში პირველ რიგში დეპუტატების ულტრამემარჯვენე, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ჯგუფებმა დაუჭირეს მხარი გონსალესის პრეზიდენტად ცნობას. ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ ისინი პირველად გამოვიდნენ ასეთი ერთიანი ფრონტით. ევროპარლამენტის მემარცხენე დეპუტატები წინააღმდეგი იყვნენ და მსგავს ნაბიჯს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

ამის მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისში გონსალესმა ვენესუელა დატოვა - ესპანეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სამშაბათს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 8 ივლისს ნიკოლას მადუროს ხელახალი არჩევის შემდეგ, ვენესუელის ხელისუფლებამ გააძლიერა თავისი „ცნობიერი და დაგეგმილი ქმედებები (...) ოპოზიციის გაჩუმების, მოგერიებისა და ჩახშობის მიზნით“, აამოქმედა „რეპრესიული აპარატის ყველაზე მკაცრი და სასტიკი ფორმები.“

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს კენჭისყრის ორგანიზებას, მათ მწვავედ გააკრიტიკეს ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEC) ხმების დათვლის წესების დარღვევისა და მადუროს გამარჯვებულად გამოცხადების გამო, ვიდრე საარჩევნო უბნის შედეგები გამოცხადდებოდა.

ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ნიკოლას მადურომ 28 ივლისს არჩევნებში გაიმარჯვა და გონსალესს თითქმის 8 პროცენტით გაუსწრო. თუმცა ოპოზიციამ გამოაქვეყნა თავისი გათვლები, რის მიხედვითაც, აშკარად გაიმარჯვა გონსალესმა და ხმების 67% მიიღო. არჩევნებიდან შვიდ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია კენჭისყრის ოქმები, როგორც ამას ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი ითხოვდა, იტყობინება საფრანგეთის საერთაშორისო რადიო RFI.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა