„მეცნიერებისათვის ნაქურდალის მისაღება ცოტა ძნელი საქმეა” – ზურაბ გურული
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:
“სპუტნიკი” და ჰუგო შმაისერის დაკარგული ავტომატი
—————————————–
რუსული ვაქცინის სახელი – „სპუტნიკი“ კარგად განსაზღვრული მიზეზით იქნა შერჩეული. რუსებს უყვართ თავიანთი სახელმწიფო სიმბოლიკა და იციან მისი ძალა. „სპუტნიკი“ ახალი სამეცნიერო-პოლიტიკური გარღვევა უნდა ყოფილიყო მსოფლიო ასპარეზზე. საერთაშორისო ანტიტერორისტულ ალიანსთან მიწებება მოგეხსენებათ როგორი წარმატებითაც დასრულდა. პანდემიამ ახალი შანსი გააჩინა. საერთაშორისო სამედიცინო კოალიციასთან მიწებების შანსი სამყაროთაშორის ომში.
ორიოდე დღის წინ ნიუ იორკ თაიმსის ერთერთმა ცნობილმა „მესვეტე“ ჟურნალისტმა ფრიდმანმა ირონიული სახალისო სტატია გამოაქვეყნა პუტინზე, სადაც იგი აბეზარ ყოფილ ბოიფრენდს შეადარა, ვერაფრით რომ ვერ მოიცილებ. ბევრმა იქირქილა და გული მოიფხანა ამ სტატიით. ოღონდ, ფრიდმანს რომ ერთი „პაწია“ ნიუანსი გამორჩა, ამას ყურადღება ვერ თუ არ მიაქციეს. CNN-მა და „ლანცეტმა“ აბეზარი ბოიფრენდის“ მიერ წარმოებულ „სპუტნიკს“ მშვენიერი რეკლამაც გაუკეთეს და მწვანე შუქიც აუნთეს მსოფლიო ასპარეზზე. ასე რომ, „ბოიფრენდის“ „დაპაშოლება“ რატომღაც „გერლფრენდსაც“ არ სურს.
და მაინც, რას ნიშნავს რუსული ვაქცინით მსოფლიოს გარკვეული ნაწილის მოსახლეობის გადაფარვა?
დაახლოებით იმას, რასაც ეზოს კატა აკეთებს საკუთარი ტერიტორიის საკუთარი შარდით მონიშვნის დროს. დიახ. ეს პოლიტიკური განაცხადია. ვაჭარბებთ?
გავიხსენოთ 6 თვის წინ „გარდიანში“ გამოქვეყნებული „ნიუსი“:
„გაერთიანებული სამეფოს უშიშროების მინისტრმა ჯეიმს ბროკენშაირმა განაცხადა: „ბრიტანეთი 95% ზე მეტად დარწმუნებულია, რომ რუსეთის სახელმწიფო სამსახურში მყოფი ჰაკერების მეშვეობით განხორციელდა ჯაშუშური ციფრული თავდასხმა ბრიტანეთის, აშშ-სა და კანადის იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ვაქცინების შექმნაზე.
ბროკენშაირმა აგრეთვე აღნიშნა: ბრიტანეთის ეროვნული კიბერ-უსაფრთხოების ცენტრი NCSC და მისი მოკავშირეები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები იყვნენ პასუხისმგებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული ფარმაცევტული კომპანიებისა და სამეცნიერო-კვლევითი გუნდების მონაცემთა ბაზების გატეხვაზე“.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ რუსული „სპუტნიკი“ ბრიტანული და ავსტრალიური ვაქცინების ვერსიების მსგავსად ე.წ. ვექტორული ვაქცინაა და იქაც ადენოვირუსია ვექტორის როლში, დაახლოებით ისეთივე მსგავსებას მივიღებთ, როგორიც AK-47-სა და Sturmgevehr 44-ს შორის არის. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მსოფლიო ჯიუტად უწოდებს ჰუგო შმაისერის მიერ შექმნილ გენიალურ იარაღს კალაშნიკოვის ავტომატს.
რუსები დასაწყისში ცოტა გაიხლართნენ ფრიად აბურდულ-დაბურდულ „სამეცნიერო“ მონაცემებში. ინდუსტრიულ-სამეცნიერო შპიონაჟი და ქურდობა მათი „ნოუ-ჰაუა“, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისათვის ნაქურდალის მისაღება ცოტა ძნელი საქმეა. ყველაფერი ნელნელა დალაგდა. „გარდიანის“ სტატია და ბრიტანეთის უშიშროების მინისტრის აღშფოთება სადღაც „ხალიჩის ქვეშ“ ამოდო CNN-მა და „ლანცეტმა“ და მსოფლიოს წარუდგინეს ახალი, ეფექტური, საიმედო რუსული ვაქცინა. „ლანცეტის“ რედკოლეგიას დიდად არ შეაწუხებდა ჰიპოკრატეს ფიცი, რადგან ალბათ დარწმუნებული არიან, რომ „რუსული“ ვაქცინა ბრიტანულივით მშვენივრად იმუშავებს. რატომაც არა.
ერთი მიზანი მიღწეულია. ახლა მეორეღა დარჩა. ფსბ-სა და გრუ-ს პროფესიონალ მკვლელთა გუნდს „შემთხვევით გადარჩენილი“, „უმამაცესი“ რუსი „მეამბოხე პოლიტიკოსისათვის“ ასპარეზის შექმნა და „აბეზარი ბოიფრენდი“ მშვიდ პენსიაზე გასვლასაც მოახერხებს.
საინტერესოა რა თქვა ჰუგო შმაისერმა, როცა AK47 ანახეს. გაეღიმებოდა ალბათ…”