თეგებით ძიება

ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ვურჩევდი - ნათია თურნავა

ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ვურჩევდი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ "პირველ არხთან" საუბარში განაცხადა.

მისი განმარტებით, 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება რომელიმე ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოზე ზეწოლის შედეგი არ ყოფილა.

„ზოგადად ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს. ის, რომ ჩვენ ახლა თანდათან შემსუბუქებას ვაკეთებთ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე სახით ჩვენზე ზეწოლის შედეგი, არამედ ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ. ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით. ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდა, ამიტომ შევძელით და 15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეებია გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში.

მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში თუ არ გაუარესდა ეპიდვითარება, ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თარიღზე, თუ როდიდან შევძლებთ გავხსნათ შიდა სივრცეებიც, მაგრამ, ეს იქნება ჩვენი შეგნებული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების შედეგი. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად საზოგადოების ინტერესიდან გამოვალთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ სარესტორნო ბიზნესს თანამშრომლების ტესტირებაში სახელმწიფო დაეხმაროს, როგორც ეს ხდება მაღაზიებისა და მოლების შემთხვევაში.

„ტურიზმის ინდუსტრიას დავპირდი, რომ შემდგომ კვირაში დიდი ალბათობით, შევხვდები, შრომის ინსპექციასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა უსაფრთხოების ზომები უნდა მივიღოთ. იცით, რომ ჩვენ იგივე პრაქტიკა გვაქვს სხვა ბიზნესებშიც, სადაც დიდი რაოდენობით მომხმარებელი დადის, იგივე მაღაზიები, მოლები. მათ გაითავისეს ეს პასუხისმგებლობა. პირველ ეტაპზე მათ სახელმწიფო თავისი ხარჯით ეხმარება ტესტირებაში. მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე გავაკეთოთ სარესტორნო ინდუსტრიასთან მიმართებაშიც. რა პერიოდულობით და რა დოზით უნდა გატესტონ რესტორნებმა თავისი თანამშრომლები, ამაზე შევთანხმდებით. მერწმუნეთ, ეს პირველ რიგში თვითონ რესტორნებს სჭირდებათ, რადგან ვიდრე არ მოხდება საყოველთაო ვაქცინაცია, ადამიანები კვების ობიექტებს შეარჩევენ იმითაც, არის თუ არა უსაფრთხო და რამდენად ენდობიან პერსონალს. ამიტომ ვფიქრობ რომ, ეს საერთო ამოცანა და ინტერესია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა