ავსტრალიაში 16 წლამდე ახალგაზრდებს სოციალური ქსელების მოხმარება აეკრძალათ
ავსტრალიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელმაც 16 წლამდე ახალგაზრდებს სოციალური ქსელების მოხმარება აუკრძალა. ამის შესახებ BBC იუწყება.
აკრძალვა ძალაში შევა 12 თვეში. მისი დარღვევის შემთხვევაში ტექნოლოგიური კომპანიები 32,5 მლნ აშშ დოლარით შეიძლება დაჯარიმდნენ.
როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, კანონი აუცილებელია ახალგაზრდების დასაცავად სოციალური ქსელების მავნე ზეგავლენისგან.
კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ გაურკვეველია, თუ როგორ მოხდება კანონის აღსრულება, ასევე რამდენად დაიცავს ის კონფიდენციალურობის პრინციპებს და როგორ იმოქმედებს სოციალურ კავშირებზე.
ეს კანონი სოციალური ქსელების მოხმარების ასაკობრივი ზღვრის დაწესების პირველი მცდელობა არ არის. ამასთანავე, ეს არის ყველაზე მაღალი ასაკობრივი ზღვარი, რომელიც ოდესმე დაწესებულა ამ მხრივ და რომელიც გამონაკლისებს არ ითვალისწინებს.
კანონპროექტს ავსტრალიის სენატის 34-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 19-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ახლა ის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, სადაც მთავრობას უმრავლესობა გააჩნია. შესაბამისად, რაიმე დაბრკოლება მოსალოდნელი არ არის.