გიორგი გახარია - ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ, მართლმსაჯულების აღსრულება, თუ ეს პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მიუღებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"გუშინ სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ურყევი პოზიციაა, რომ თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ კანონის აღსრულებას, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი.
ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას პატივს არასდროს სცემდა და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი.
დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაციაა, თვითონ ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და მომავლის რისკებს ქმნის. მაშინ, როდესაც ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს ვებრძვით და რაც მთავარია ჩვენ ყველანი ერთად პოლარიზაციას ვებრძვით, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვიტრების“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.