ნათია თურნავა - აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი ფეხზე დროულად წამოდგეს
ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი, როგორც პანდემიის შედეგად ყველაზე დაზარალებული სექტორი, დროულად წამოდგეს ფეხზე, – ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში.
მისი განცხადებით, სამინისტროში ტურისტულ ბიზნესებთან ერთად ტურიზმის განახლებული მარკეტინგული სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს.
„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. სამომავლოდ, ვიზიტორებისთვის უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ხარისხზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტები იქნება შეთავაზებული. ჩვენ დღეს ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენა ამ მიმართულებით სწრაფად მოხდება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამნტში, დღეს კომიტეტების ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამას უსმენენ.