პეტრე კოლხი - მოიშორეთ ეს ბნელი, რუსოფილური აზროვნება... ,,მღვდელია თუ ბლოგერი”, ,,მღვდელია თუ პოეტი”, ,,მღვდელია თუ ჟურნალისტი”
ზოგიერი ვიწრო თვალისაწერის აზრით, თუ სასულიერო პირი ხარ, საკუთარი აზრი და შეხედულება არ უნდა გაგაჩნდეს,- ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში წერს.
"იმაზე მეტად ბნელა, ვიდრე წარმოგვიდგენია... იმაზე მეტად გვიჭირს აზროვნებაში, ვიდრე ჩანს. იმაზე მეტად დავკარგეთ ინტელექტი და განათლება, ვიდრე ოდესმე...
ზოგიერი ვიწრო თვალისაწერის აზრით (თუ უაზრობით), თუ სასულიერო პირი ხარ, საკუთარი აზრი და შეხედულება არ უნდა გაგაჩნდეს. თურმე თავი უნდა დახარო და საცეცხლური აქნიო. არ გაქვს აზრის გამოხატვის უფლება... ასეთი ფანატიკური და ბნელი დამოკიდებულება მარტო აზროვნებას არა, ქვეყანას და ეკლესიას აზარალებს...
ჩვენ იმ ერის შვილები ვართ, ყველა დროში სასულიერო პირები პროგრესული აზრით რომ გამოირჩეოდნენ... სწორედ ისინი იღებდნენ ყველაზე ნამდვილ, ყველასთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას.
თუ დავით აღმაშენებლის ეპოქით მოგვწონს თავი, ის სასულიერო პირის აღზრდილი იყო...
დიახ, სასულიერო პირი იყო ამბროსი ხელაია, რომელმაც რუსეთს ომი გამოუცხადა, რომლის მემორანდუმი გენუის კონფერენციაზე დღემდე გაოცებას იწვევს...
სასულიერო პირი იყო გრიგოლ ფერაძე, თავის დროზე ბევრ სასულიერო პირებისგან უარყოფილი, ბნელი მხარე რომ ებრძოდა, მაგრამ დღეს წმინდანია...
სასულიერო პირი იყო, ,,სოფლელი მღვდელი” თევდორე კველთელი, თავისი პოლიტიკის წყალობით, ქვეყანა და მეფე ოსმალებისგან რომ იხსნა...
სასულიერო პირი იყო საბა-სულხანი... რომ არაფერი ვთქვათ მის დიპლომატიურ მოღვაწეობაზე, მისი პიროვნების შესაფასებლად ,,სიტყვის კონა” კმარა...
სასულიერო პირი იყო იოანე-თორნიკე ერისთავი, მისი დამსახურებით, ათონის მთაზე ,,ივერონი” დაარსდა...
მოიშორეთ ეს ბნელი, ჩამორჩენილი, რუსოფილური აზროვნება... ,,მღვდელია თუ ბლოგერი”, ,,მღვდელია თუ პოეტი”, ,,მღვდელია თუ ჟურნალისტი”...
დიახ, ერთი მეორეს ხელს არ უშლის... ხელს განვითარებაში ჩამორჩენილი მენტალობა გვიშლის, მხოლოდ...
მღვდლობა არ უარყოფს საზოგადო მოღვაწეობას. პირიქით, უფრო საინტერესოს და მნიშვნელოვანს ხდის...
იმდენი მაინც მინდა იცოდეთ, რომ ძალიან ცდებით... სანამ ამ ყველაფრის გაანალიზებას ვერ შევძლებთ, მე პირადად, ამ თემას იმდენჯერ მივუბრუნდები, რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლი...
ზოგს კი იმის ,,პრობლემა” აქვს, მღვდელმა მარტო საცეცხლურის ქნევა იცისო...
საოცარია... ,,ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები”!..
აზროვნებაში მეტი სივრცე და სინათლე!..", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.