"გილოცავთ, დღეს თქვენი დღეცააა! დედების, რომლებიც მოძალადეებს გვიზრდით"
დღეს მოძალადეების დედების დღეცაა!, - ამ სათაურისთ სოციალურ ქსელში პოსტს ფეისბუქ გვერდზი "red lines - წითელი ხაზები" ავრცელებს:
"მახსოვს ღებინების და თავის ტკივილის შეგრძნებამ გამაღვიძა. მაკანკალებდა, რაღაც გაურკვეველი სითხის გუბეში ვიწექი. თვალები რომ გავახილე ჩემი ექვსი წლის შვილის გამხდარი ფეხები გავარჩიე . დაიხარა, თავისი პატარა მუხლები სახესთან მომიტანა...გაუბედავად თავზე ხელი გადამისვა და ჩურჩულით მითხრა:
"დედა ადექი, წავიდა"... შემდეგ ზურგს უკან დამალული ტელეფონი გამოაცურა და მომაწოდა.
როცა პატრულის თანამშრომლები მოვიდნენ, ჩემმა ყოფილმა ქმარმა იცით პირველი საშველად ვის დაურეკა? დედას.
ისიც მაშინვე მოვარდა „შვილის გადასარჩენად“ და ბოლომდე, გაკერპებული იცავდა თავისი შვილის „უდანაშაულობას“. გასვლის წინ კი ჩამილაპარაკა:
„რა ვქნა, დედა ვარ. ხომ გესმის ?!“
არ მესმოდა არც მაშინ და არ მესმის არც ახლა.
არ მესმის დედების რომლებიც გამუდმებით ამაყობენ იმით, რომ ყველაფერი მოითმინეს და ოჯახი შეინარჩუნეს. ამ „შენარჩუნებული“ ოჯახის მაცხოვრებლები კი: უბედური, დაკომპლექსებული და გაბოროტებული ადამიანები არიან.
არ მესმის დედების, რომლებმაც იციან სად არის „ქალის ადგილი ოჯახში“. რომლებიც ქმრების ფუნქციას მარტო იმაში ხედავენ , რომ სადილად „ოსტრისთვის“ კარგი ხორცი მოუტანონ , თორემ საყვარელი ვის არ ჰყოლია ან რა მოხდა მერე კაცი თუ "გულაობს" , კაცია და აბა რა უნდა ქნას?
არ მესმის დედების, რომლებსაც სიცოცხლის ბოლომდე „ჭიპლარით“ გამობმული დაჰყავთ საკუთარი შვილები და ამაყობენ იმით, რომ მათი ვაჟი წინდასაც ვერ იცვამს დედის გარეშე !
არ მესმის დედების, რომლებიც ქალის მოკვლას უტიფრად ამართლებენ და მიზეზებს მსხვერპლის პირად ცხოვრებაში ეძებენ.
არ მესმის დედების, რომლებიც საზღავარგარეთ მიდიან „საპახაოდ“ მხოლოდ იმიტომ,რომ მოძალადე შვილებს ტოტალიზატორში სათამაშოდ ფული გამოუგზავნონ.
არც იმ დედების მესმის, რომლებიც ხატით ხელში მზად არიან ნებისმიერი ქალი ცოცხლად დაწვან, მხოლოდ იმიტომ რომ მათსავით არ აზროვნებს.
ეს სია დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო...
ჰოდა გილოცავთ, დღეს თქვენი დღეცააა!
დედების, რომლებიც მოძალადეებს გვიზრდით!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.