ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს დახმარება სჭირდება - ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჟურნალისტებს და მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, გაერთიანდნენ მსახიობ ზურა ყიფშიძის დასახმარებლად.
როგორც მაკა რაზმაძის განცხადებით ირკვევა, მსახიობის ოჯახი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა და მის ოჯახს 3 დღის ვადა აქვს მხოლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო მევახშე სახლიდან გამოსახლებით ემუქრება.
"მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!
არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს, მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად.
სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!
გთხოვთ ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო ამბობს მეუღლე.
იქნებ შევძლოთ დახმარება! ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები! მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერ სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით!
იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.