დღეს ქუთაისს მერის ნაცვლად მართავს მისი ცოლი, ცოლის დაქალები, სიდედრი... იცოდა, რომ მასალას ვამზადებდი და იძულებული გახდა, გაენეიტრალებინა - ჩივაძე
"ქუთაისი თუდეის" ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის განცხადებით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა იცოდა, რომ მასზე მასალა მზადდებოდა და ამიტომ გასცა ბრძანება, რომ ის მერიის შენობაში დაცვის წევრებს ის არ შეეშვათ. ჩივაძის თქმით, ხახალეიშვილს მერიაში თავისი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები ჰყავს დასაქმებული, ის კი ამ ოჯახური კლანის გარშემო გარკვეულ მასალას ამზადებდა, მერმა კი განეიტრალება სცადა:
"კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ქუთაისს დღეს ქალაქის მერი არ მართავს. ამას მართავს მისი ცოლი, ცოლის დაქალები, სიდედრი დედამისი მამამისი და მისი შვილები.
მას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ეს მასალა მზადდებოდა. ეს ეხება მის ცოლს, მისი ცოლის დაქალებს, რომ რამდენიმე მოქალაქე თვითმკვლელობამდეა მიყვანილი და რომ ამ მდგომარეობაში აგდებენ, ჩაუწერეს ქალაქის მერს ეს ჩანაწერი და ეს ყველა ჩანაწერი ჩემს ხელშია, არ სჭირდება ამის მოძიება და გავასაჯაროვებ. ამან იფიქრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მივდიოდი და იძულებული გადა გაენეიტრალებინა.
გამოქვეყნებულიც მქონდა მანამდე პოსტი, რომ ქუთაისი მერმა ძალოვან სამსახურებს მიმართა, რომ ჟურნალისტების განეიტრალება მოეხდინა" - განაცხადა ჩივაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის მერიაში ბუბა ჩივაძე დაცვამ არ შეუშვა, რასაც შემდგომ დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.