თეგებით ძიება
08. 04. 2021 მსოფლიო

სომხეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანს სასამართლოში უჩივის

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქოჩარიანის ადვოკატმა, ჰაიკ ალუმიანმა განუცხადა.

ქოჩარიანი ითხოვს მთავრობის მეთაურისგან, საჯაროდ უარყოს მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები და 4 მილიონი დრამის (8 000 დოლარის) ოდენობის კომპენსაცია გადაიხადოს.

ალუმიანის განცხადებით, 1-ელ მარტს გამართულ მიტინგზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ადამიანებმა, „რომლებმაც 2008 წლის მარტში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჯარი გამოიყვანეს, ახლაც იმავეს გაკეთებას გეგმავენ“.

ადვოკატის განცხადებით, პრემიერმა ქოჩარიანს ცილი დასწამა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტა და ბრალი მოუხსნა. რობერტ ქოჩარიანს 2018 წლის 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევაში წაუყენეს, იმავე წლის 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა