თეგებით ძიება

ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ახლახანს გამოაცხადა. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვის წარმოთქმის უფლებით რამდენჯერმე ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას სასამართლოსგან თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ნიკა მელიას უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს, ნიკა მელიას მიერ, სიტყვით გამოსვლისას, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და ნიკა მელიას გირაოს ოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი საჯაროდ განაცხადა.

12 თებერვალს პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობაზე თანხმობისთვის მიმართა.

16 თებერვალს პარლამენტი დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17 თებერვალს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა პარტიის მხარდამჭერებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა