მართალია თუ არა, რომ მენსტრუალური ციკლი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უცნაური გვერდითი მოვლენაა?
როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იცრებით, როგორც წესი, შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ წინასწარ გაფრთხილებენ: მაღალი ტემპერატურა, თავის ან მხრის ტკივილი. თუმცა ამ ყველაფერმა ერთ-ორ დღეში უნდა გაიაროს. ამ დროისთვის ბროშურებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ დამატებით ქალებს შეიძლება მენსტრუალური ციკლი შეეცვალოთ.
ამავდროულად, მთელ მსოფლიოში ქალები სვამენ კითხვას, შეიძლება თუ არა ნაადრევი, ჭარბი ან ზედმეტად მტკივნეული მენსტრუალური ციკლი აცრის შედეგი იყოს. ამის გარკვევას BBC შეეცადა.
აშშ-ის ილინოისის შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა კეიტ ქლენსიმ Twitter-ზე დაწერა, რომ Moderna-თი აცრის შემდეგ მას უჩვეულოდ ჭარბი მესტრუალური ციკლი ჰქონდა. მეცნიერს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ათობით ქალი. ისინი წერდნენ, რომ ანალოგიური გამოცდილება ჰქონდათ. ამის შემდეგ ქლენსიმ თავის კოლეგა მეცნიერ კეტრინ ლისთან ერთად შეიმუშავა კითხვარი, რომელშიც მან რესპონდენტებს სთხოვა, თავიანთი დაკვირვებები გაეზიარებინათ.
სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, იწვევს თუ არა ვაქცინა ამ ცვლილებებს, რადგან კონკრეტულად ეს საკითხი შესწავლილი არ არის. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აცრის შემდეგ ქალები თავიანთ ორგანიზმს ჩვეულებრივზე უფრო ყურადღებით აკვირდებოდნენ ან შესაძლოა, მათ ეს ცვლილება სხვისი გამოცდილების გაგების შემდეგ ვაქცინას მიაწერეს. თუმცა ამავდროულად, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის რეპროდუქციული იმუნოლოგის დოქტორი ვიქტორია მეილი ამბობს, რომ ზოგიერთ ქალს, რომლებსაც მენოპაუზა უკვე ჰქონდათ და მათ, ვინც ციკლის შემაჩერებელ ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდნენ, სისხლდენა აღენიშნათ. ამიტომაც მეცნიერი ეჭვობს, რომ გარკვეული სახის ფიზიკური რეაქცია მაინც ხდება.
მართალია, ასეთი კავშირი დადასტურებული არ არის, ლოგიკურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მენსტრუალურ ციკლში აცრას გარკვეული ცვლილება შეაქვს. ამავდროულად, შეშფოთების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს, ხაზს უსვამენ ექსპერტები. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ციკლი მოულოდნელი და ჩვეულებრივზე ოდნავ რთული იყოს, ეს ჯანმრთელობის გრძელვადიან რისკს არ გულისხმობს.
მენსტრუალურ ციკლზე გავლენა "სავსებით მოსალოდნელია"
საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი) იმუნური სისტემის ნაწილია. იმუნური უჯრედები, რომლებიც სხეულის თითქმის ყველა ნაწილში გვხვდება, ენდომეტრიუმის ჩამოყალიბებაში, მისი ფუნქციის შენარჩუნებისა და დარღვევის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ის ყოველთვიურად ორსულობისთვის მოსამზადებლად სქელდება და თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ლორწოვანი გარსის არასაჭირო ფენა უარყოფილია. მენსტრუაციის დროს სისხლის სახით სწორედ ის გამოიყოფა.
აცრის შემდეგ მთელ ორგანიზმში ვრცელდება მრავალრიცხოვანი ქიმიური სიგნალი, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ იმუნური უჯრედების მუშაობაზე გავლენა იქონიონ. დოქტორ ვიქტორია მეილის განმარტებით, აცრას შეუძლია გამოიწვიოს ენდომეტრიუმის ნაადრევად მოშორება და მასთან ერთად მენსტრუაციის მოულოდნელი ნიშნებიც ვლინდება.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის ალექსანდრა ოვერნის აზრითაც, აცრასა და მენსტრუალური ციკლის ცვლილებას შორის კავშირი სავსებით მოსალოდნელია. მისი თქმით, ოვულაციის პერიოდი (კვერცხუჯრედის გამოყოფა პოტენციურ სპერმატოზოიდთან შესახვედრად) შეიძლება ორგანიზმში ანთების გამო შეიცვალოს. მაგალითად, როდესაც ადამიანს სიცხე აქვს. ორგანიზმში მსგავსი რეაქციის გამოწვევა ვაქცინასაც შეუძლია: იმუნური სისტემა საომარ მზადყოფნაში დგება და დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, ანტისხეულებისა თუ სხვა უჯრედების წარმოქმნას იწყებს. ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ინფექციით გამოწვეულმა ანთებამ უფრო მტკივნეული მენსტრუალური ციკლი გამოიწვიოს.
აცრას მუცლის მოშლასთან არანაირი კავშირი არ აქვს
დოქტორი ვიქტორია მეილი ხაზს უსვამს, რომ ზემოთ ხსენებული პროცესი მუცლის მოშლის საფრთხესთან არანაირად არ არის დაკავშირებული. ორსულობის დროს საშვილოსნოს ლორწოვან გარსში სხვა პროცესები ხდება და ამაში მონაწილეობს პლაცენტა, რომელიც ნაყოფს დედასთან აკავშირებს. დოქტორ მეილის თანახმად, მრავალრიცხოვანი მონაცემი ადასტურებს, რომ ორსულ ქალებს აცრის შემდეგ მუცლის მოშლის საფრთხე არ შექმნიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, Covid-19-ის ვაქცინა მუცლის მოშლის საფრთხეს არ ზრდის, თავად ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევისგან განსხვავებით. სამაგიეროდ, არაერთი კვლევის თანახმად, ინფექციური დაავადებები, მათ შორის COVID-19, ნაყოფის დაკარგვის ან ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის, ამბობს ალექსანდრა ოვერნი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.
ყველა ცვლილება დროებითია
როგორც ცნობილია, გრიპისა და პაპილომავირუსის აცრების დროებითი გვერდითი ეფექტი მენსტრუალური ციკლის ცვლილებაა, თუმცა მას გრძელვადიანი შედეგი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ვიქტორია მეილის თქმით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს ქალის ნაყოფიერებაზე არანაირად არ მოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, დოქტორი მეილი და BBC-ის მიერ გამოკითხული სხვა მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა მეტი კვლევა მენსტრუაციულ ციკლზე აცრის გავლენის შესახებ, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რა ელით. ”პრობლემა აქ არის ის, რომ ქალების ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად უგულებელყოფილია”, - აღნიშნავს მეილი.
”წარმოიდგინეთ, არავინ გითხრათ, რომ აცრის გვერდითი მოვლენა შეიძლება ტემპერატურის მატება იყოს”, - წერს თავის ვებგვერდზე გინეკოლოგი ჯენ განტერი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თქვენ შფოთვას დაიწყებთ და შეწუხდებით, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი, შემდგომი სიცხე გაქვთ. მენსტრუალური ციკლის ცვლილებებთან დაკავშირებული სიტუაციაც ანალოგიურია”.
მსგავსი ვითარებაა პოსტმენოპაუზის მქონე ქალებსა და ტრანსგენდერებში, რომლებიც ციკლის შესაჩერებლად ჰორმონებს იღებენ. მოულოდნელმა სისხლდენამ შეიძლება მათი სერიოზული შფოთვა გამოიწვიოს, რადგან ეს კიბოს პოტენციურ სიმპტომად მიიჩნიონ. ამიტომაც მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ აცრის შემდეგ ასეთი უვნებელი გვერდითი ეფექტი შესაძლებელია, თუ აცრასა და მენსტრუაციას შორის კავშირი მეცნიერულად დადასტურდება, განმარტავს ამერიკელი მეცნიერი კეტრინ ლი. თუმცა ყველა იმ ადამიანმა, ვინც უჩვეულო სისხლდენას შეამჩნევს, ექიმს უნდა მიმართოს - აცხადებს ბრიტანეთის სამეანო და გინეკოლოგიური სამეფო კოლეჯის ვიცე-პრეზიდენტი სიუზან უორდი.
მორიგი დეზინფორმაცია მენსტრუალურ ციკლზე აცრის გავლენა ეხება
იდეა იმის შესახებ, რომ აცრამ შეიძლება მენსტრუაციის მიმდინარეობაზე გავლენა იქონიოს, მითების გამავრცელებლებმა სოციალურ ქსელებში აიტაცეს. ანტივაქსერებმა და შეთქმულების თეორეტიკოსებმა დაიწყეს ქალების ნამდვილი ისტორიების წარმოჩენა ისე, როგორც ვაქცინების მავნებლობის მტკიცებულება და გარკვეული ელიტური ჯგუფის მიერ ჩაფიქრებული მთელი მსოფლიოს სტერილიზაციის გეგმის ნაწილი.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია და იყო აურზაური, რომ ქალის მენსტრუალური ციკლი შეიძლება აცრილ ადამიანთან ახლოს ყოფნის შედეგადაც კი შეიცვალოს. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში გავრცელდა და ასობით ათასი ნახვა ჰქონდა, "რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრაქტიკოსი სპეციალისტი" აფრთხილებს მაყურებელს, რომ "ქალების მენსტრუალური ციკლი სერიოზული ცვლილების საფრთხის წინაშეა მაშინაც კი, თუ ისინი თავად არ აცრილან“.
აცრის მოწინააღმდეგეთა მეორე ნაწილი და ჰოლისტიკური მედიცინის მიმდევრები არანაკლებ პოპულარულ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მოსაზრებებში ამტკიცებენ, რომ აცრილი ადამიანისგან სპაიკ-ცილები შეიძლება აუცრელზე გადავიდეს. თუმცა ეს ფიზიკურად შეუძლებელია.
COVID-19ის საწინააღმდეგო ვაქცინების უმეტესობა ორგანიზმს "ავალებს" ვირუსის მცირე ფრაგმენტი შექმნას, რათა იმუნურმა სისტემამ დაავადებასთან გამკლავება შეძლოს. ამის შემდეგ სპაიკ-ცილა იშლება ან ნადგურდება. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ არცერთი ვაქცინა არ იძლევა ვირუსის ნაწილაკების გამრავლების და მითუმეტეს, სხვა ადამიანებზე გადაცემის საშუალებას. ერთადერთი, რაც რეპლიცირდება, არის თქვენი იმუნური უჯრედები, რომლებიც ვირუსთან საბრძოლველად ანტისხეულებს წარმოქმნიან.