სავალალოა ქალებისადმი თქვენი აგებული დამოკიდებულება - წილოსანი ხვიჩიას
"თქვენ ჩახსენით ერთადერთი ქალი კანდიდატი სიიდან და უარი ათქმევინეთ ერთადერთ ქალ დეპუტატს", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა "გირჩის" ლიდერს იაგო ხვიჩიას მას შემდეგ რაც პარტიის გადაწყვეტილებით, პარლამენტმა "გირჩის" სიით პარლამენტში შესულ დეპუტატს სალომე მუჯირს უფლებამოსილება შეუწყვიტა.
"ბატონო იაგო [ხვიჩია] მე თქვენი პოლიტიკური იდეოლოგია არ მომწონს, არც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. თქვენს იდეებს შორის, რაც უმრავლესობას არ მოგწონს, სავალალოა ქალებისადმი თქვენი აგდებული დამოკიდებულება. თქვენ ჩახსენით ერთადერთი ქალი კანდიდატი სიიდან და უარი ათქმევინეთ ერთადერთ ქალ დეპუტატს, იმ პირობებში, როცა მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ ქალების მონაწილეობის გაზრდა საზოგადოების განვითარების მაღალ ხარისხს მიანიშნებს", -განაცხადა წილოსანმა.
ნინო წილოსანის მოსაზრებას მხარი დაუჭირა, "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმაც.