თეგებით ძიება
01. 07. 2021 COVID - 19

რა არის ცნობილი COVID-19-ის დელტა ვარიანტის შესახებ?

დელტა (B.1.617.2) არის SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის პირვანდელ, უჰანურ ვერსიასა და ბრიტანულ (ალფა, B.1.1.7) შტამთან შედარებით, მას ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. სწორედ ამ მიზეზის გამო, დელტა ვარიანტი მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად გავრცელდა და ფაქტობრივად, ამ ეტაპზე SARS-CoV-2-ის ყველა სხვა ვერსია ჩაანაცვლა.


წინასწარი მონაცემებით, ახალი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირებამ შეიძლება ჰოსპიტალიზაცია უფრო ხშირად გამოიწვიოს. თუმცა ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ დაავადებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. ამის შესაფასებლად ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა, მეცნიერები კი ეყრდნობიან არსებულ მონაცემებს, რომლებშიც ამ მიმართულებით დიდად არაფერი შეცვლილა.

დელტა შტამი ნამდვილად ინდურია?

დელტა ვარიანტი პირველად ინდოეთში, გასული წლის შემოდგომაზე აღმოაჩინეს. პირველი გენომი GISAID-ის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში 2020 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ SARS-CoV-2-ის ეს ვარიანტი იმავე ქვეყანაში წარმოიშვა. შესაბამისად, საქმე ეხება დელტა შტამის პირველი ნიმუშის აღმოჩენას და არა თავად მის წარმომავლობას.

არის თუ არა დელტა შტამი უფრო გადამდები, ვიდრე მისი წინამორბედები?

SARS-CoV-2-ის დელტა ვარიანტი, ახალი კორონავირუსის თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით, ნამდვილად უფრო გადამდებია და ამ მაჩვენებლით ალფა ვარიანტსაც (B.1.1.7 "ბრიტანული შტამი") უსწრებს. ეს დასკვნა სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსის ამ სახეობის გავრცელების დინამიკას ემყარება. პირველ რიგში, საუბარია დიდ ბრიტანეთზე, სადაც ამჟამად ინფექციის ყველა შემთხვევის 80% -ზე მეტი ფიქსირდება.


სხვადასხვა საზოგადოებაში დელტა ვარიანტის გავრცელების დინამიკის ანალიზის გარდა, მკვლევრებს აქვთ კიდევ ერთი დამოუკიდებელი არგუმენტი, რაც "დელტას" უფრო მეტ ინფექციურობაზე მეტყველებს. ეს არის ინფიცირებული კონტაქტების წილი (secondary attack rate) ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დაავადებულთან შეხება ჰქონდა. როგორც წესი, პაციენტს ეკითხებიან, ახლო ხანებში კონტაქტი ვისთან ჰქონდა და ამის შემდეგ ინფიცირებულთა პროპორციის ანალიზს იწყებენ. ეს წილი (იმავე ბრიტანელი ექიმების მონაცემებით), „ალფასთან“ შედარებით "დელტას" შემთხვევაში უფრო მაღალი იყო: ე.წ. ბრიტანულ შტამს 8%-იანი მაჩვენებელი აქვს, ე.წ. ინდურს კი - 11,4% -ი.

მიმდინარეობს თუ არა დელტა შტამი უფრო მძიმედ?

შოტლანდიიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ბრიტანელი ექიმები გარკვეული სიფრთხილით აცხადებენ, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ალბათობა უფრო მაღალია. რისკი დაახლოებით 1,5-2-ჯერ იზრდება. ეს მაჩვენებელი ინფიცირებულთა ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით გამოითვლება. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ახლა ეს არის წინასწარი მონაცემები, რომლებიც ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთი რეგიონიდან არის მოწოდებული. შესაძლებელია, მომავალში დაავადების სხვა თანმხლები ფაქტორების გათვალისწინებითა და სხვა ქვეყნების მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ჰოსპიტალიზაციის გაზრდილი რისკი არც დადასტურდეს. ისღა დაგვრჩენია, რომ სრულფასოვან სამეცნიერო პუბლიკაციებს დაველოდოთ.

ეფექტიანია თუ არა დელტა შტამის წინააღმდეგ დღეისათვის არსებული ვაქცინები?

სამწუხაროდ, პასუხი უფრო რთულია, ვიდრე „დიახ“ ან „არა“. ის ასე ჟღერს: დელტა ვარიანტთან მიმართებით მეცნიერები აცრის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტის ეფექტიანობის შემცირებას ნამდვილად ხედავენ. თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ეს გავლენას არ ახდენს მთავარზე - სრული ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულ დაცვის დონეზე, რაც დაავადების მძიმე ფორმით წარმართვისა და ჰოსპიტალიზაციის ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს.


ბრიტანული მონაცემების მიხედვით (1 , 2 ), დელტა ვარიანტის შემთხვევაში, აცრის პირველი დოზის შედეგად გამომუშავებული ნაწილობრივი იმუნიტეტი საკმარისი არ არის. პირველი ინექციიდან 21 დღის შემდეგ ვაქცინა მხოლოდ 30%-ით არის ეფექტიანი. ეს მაჩვენებელი 15-20%-ით დაბალია იმავე სიტუაციაში ალფა ვარიანტთან („ბრიტანული შტამი“) შედარებით. ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ, იმუნიტეტი ძლიერდება და სხვაობა არც ისე მნიშვნელოვანია. ის მხოლოდ 5-6%-ია როგორც AstraZeneca-ს, ასევე Pfizer / BioNTech- ის შემთხვევაში.

შესაძლებელია თუ არა სხვა, კიდევ უფრო საშიში შტამების გამოჩენა?

დიახ. სიტუაცია, რომლის დროსაც მოსახლეობაში ინფექციური აგენტის გავრცელება არ სრულდება, ამავდროულად, დაავადებული ან აცრილი ადამიანების წილი თითქმის ნახევარს უტოლდება (არც თუ ისე ბევრი და არც ისე მცირე), იმუნიტეტის დაძლევის უნარის მქონე დარვინისეული ბუნებრივი გადარჩევისთვის იდეალურ სიტუაციას ქმნის. თუ ამგვარი მდგომარეობა საკმარისად დიდხანს გაგრძელდა, ვაქცინისადმი სრულად გულგრილი ვარიანტების გაჩენა, ფაქტობრივად, გარდაუვალია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აცრა აუცილებელია!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა