თეგებით ძიება

"გავბრაზებულვარ იმაზე, თუ როგორ სჩადის ზოგი ღმერთის სახელით ავაზაკობას" - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არასდროს გამცინებია, არც გავბრაზებულვარ (ან რა არის სასაცილო და გასაბრაზებელი) იმაზე თუ როგორ იწერს ქრისტიანი ტაძრის წინ პირჯვარს ან მუსლიმი რომ იხრება მინარეთიდან მოძახილზე ან ინდუისტი როცა ცეკვავს აშრამის წინ. არ გამცინებია, რადგან ზუსტად ვიცი, როგორ სჭირდება ამ უსაფუძვლო სამყაროში ადამიანს საყრდენი. ბებიაჩემი ტაძრის დანახვაზე ქუჩაში იჩოქებდა და ხუთი წუთი ლოცულობდა, თუმცა ის იყო და არის კიდეც ჩემთვის ყველაზე არასასაცილო ადამიანი.

არ გამცინებია, მაგრამ გავბრაზებულვარ იმაზე, თუ როგორ სჩადის ზოგი ღმერთის სახელით ავაზაკობას. გავბრაზებულვარ იმაზე, რომ ხან ჩემი ხალხი და მისი დიდი ლიტერატურა ზურგშექცევით დგანან - ალუდა ქეთელაური წიგნში მოგვწონს, რომ გამოჩნდეს (ძნელად იძებნება) - მალევე ჩავქოლავთ, ციციკორეს წიგნში ან ფილმის ცქერისას ვაძაგებთ, აქ და ახლა კი (იოლად იძებნებიან) მალევე მივემხრობით. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ძალიან სხვადასხვა. ვერავის ვერაფერს დაუშლი, ვერც დაცინვას და ვერც ქილიკს, მაგრამ მეც მაქვს ჩემი მოკრძალებული აზრი და ასე მგონია, რომ რწმენის რიტუალურობა მედიტაციის მიმართულებით, განუსაზღვრელი მოცემულობაა - ზოგს მცირეზე მცირე მარცვალზე შეუძლია ილოცოს, ზოგს ასობით ხატი ჰქონდეს (ლაშასავით) - ვისაც როგორც სურს და სჯერა - ისე.

p.s. ლაშა ტალახაძეს და ქართველ ოლიმპიელებს კი წარმატებები. ბარემ აქვე გეტყვით, რომ განსაკუთრებით ნინო სალუქვაძეს ვგულშემატკივრობ. ჩემთვის ოლიმპიადა და ნინო საერთოდაც ერთი და იგივეა - ოთხი წლის ვიყავი, როცა პირველად იასპარეზა და აგერ 37 წლისა მოვიყარე - მე რომ სპორტსმენი ვიყო, უკვე ვეტერანი ვიქნებოდი", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა