თბილისის საბჭოთა პერიოდის მოდერნისტული არქიტექტურა - გამორჩეული შენობები, რომლებიც დღემდე იქცევენ ყურადღებას (ფოტოები)
მოდერნიზმი ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობაა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, თუმცა საბჭოთა მოდერნიზმს მასთან და ვან დერ როესთან საერთო არაფერი აქვს. ის უფრო სსრკ ცკ-ის პირველი მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ახირებაა, რომელმაც 1955 წელს გამოსცა დადგენილება ე.წ. არქიტექტორული ზედმეტობების შესახებ. სტალინური შენობებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად, კლასიციზმის სტილში შენდებოდა, ხრუშოვმა შენობების დეკორაციული ელემენტებისგან გათავისუფლება ბრძანა. საბჭოთა მოდერნიზმის პერიოდში თბილისში ეპოქისთვის დამახასიათებელი რამდენიმე გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა შეიქმნა, რომელიც დღემდე იქცევს ყურადღებას.
საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრო (1974 წ)
მისამართი: გაგარინას ქ.29ა
არქიტექტორები: გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია
ინჟინრები: თემურ თხილავა, ალექსანდრე კიმბერგი
ეს თბილისში ყველაზე ცნობილი მოდერნისტული შენობაა. 1974 წელს საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს უცნაური შენობის ფოტოები თითქმის მთელ მსოფლიოში გამოქვეყნდა. ფოტოებზე რთულ რელიეფთან იდეალურად შეხამებული, კონსოლური კონტრუქციების მქონე ულტრათანამედროვე შენობა მოჩანს, რომელიც მაღალტექნოლოგიურ სტილთან ასოცირდება. შენობის პროექტირების დროს არქიტექტორი გიორგი ჩახავა საავტომობილო გზების მინისტრის თანამდებობა ეკავა, ამიტომ დამკვეთიც თავად იყო, კონტრაქტორიც და მშენებლობისთვის რთული ადგილიც თავად შეარჩია - გაგარინის ქუჩასა და მტკვრის სანაპიროს შორის სიმაღლის სხვაობა დაახლოებით 33 მეტრია. არქიტექტორების მთავარი ამოცანა შენობის მიმდებარე ლანდშაფტზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება იყო.
საავტომობილო გზების სამინისტროს შენობის საერთო ფართობი დაახლოებით 11 ათასი კვადრატული მეტრია და მსოფლიო არქიტექტურის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ის ფრენკ ლოიდ რაიტის ორგანული არქიტექტურაცაა და ელ ლისიცკის 1920-იანი წლების ავანგარდული არქიტექტურაც ჰორიზონტალური ცათამბჯენებით. ქვეყნის პარტიულმა ხელმძღვანელობამ საავტომობილო გზების სამინისტროს შენობას სსრკ მინისტრთა საბჭოს პრიზი მიანიჭა. ის თბილისის ორი მოდერნისტული შენობიდან ერთ-ერთია, რომელსაც არქიტექტურული ძეგლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ამჟამად საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილ შენობაში „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი მდებარეობს.
საცხოვრებელი კომპლექსი (1974–1976 წ.)
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა
არქიტექტორები: ოთარ კალანდარიშვილი, გიზო ფოცხიშვილი
ქალაქის განაშენიანებისა და აქტიური საბინაო მშენებლობის ეპოქაში თბილისის რთულ რელიეფზე მაღალსართულიანი შენობების აგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. 1967 წელს, რუსთაველის გამზირის ბოლოს, მდინარე მტკვრის მაღლა მდებარე კონცხზე ოთარ კალანდარიშვილის პროექტით აგებული 20-სართულიანი სასტუმრო „ივერია“ გამოჩნდა. 13 წლის შემდეგ არქიტექტორი ამ ადგილს გიზო ფოცხიშვილთან ერთად დაუბრუნდა და სასტუმროს გვერდით მდებარე ხევის ადგილზე რესპუბლიკის მოედანი შექმნა. მოედნის ქვეშ არის სამდონიანი კომპლექსი 20 ათასი კვადრატული მეტრი ფართობით, კინოთეატრით და საგამოფენო დარბაზებით.
1970-იანი წლების შუა ხანებში, ნუცუბიძის ქუჩის გასწვრივ, ციცაბო ფერდობზე, კალანდარიშვილისა და ფოციშვილის დაპროექტებული საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსი გამოჩნდა. ესაა ცნობილი საცხოვრებელი კომპლექსი სიმბოლური სახელწოდებით „შატილი“, რომელმაც ნუცუბიძის ქუჩა და ნუცუბიძის პლატოს ახალაშენებული პირველი მიკრორაიონი ერთმანეთთან დააკავშირა. ამასთან, ხიდების წყალობით, რომლებიც 16-სართულიან კორპუსებს აკავშირებს, გზა ნუცუბიძის ქუჩიდან ნუცუბიძის პირველ პლატომდე მნიშვნელოვნად მოკლდება.
რიტუალების სასახლე (1985 წ)
მისამართი: ბოჭორმის ქ.21
არქიტექტორები: ვიქტორ ჯორბენაძე, ვაჟა ორბელაძე
კიდევ ერთი შენობა, რომელიც თბილისურ მოდერნიზმთან ასოცირდება, ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის მახლობლად მდებარე ბორცვზე აგებული რიტუალების სასახლეა. ჯორბენაძისა და ორბელაძის შემოქმედება მომავლის ტაძრის იდეას წარმოადგენდა, რომლის შექმნის აუცილებლობაზე მსჯელობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო.
არქიტექტურული თვალსაზრისით ნაგბობა ერთდროულად 1920-იანი წლების ექსპრესიონიზმსა და შუა საუკუნეების ქართული ტაძრის არქიტექტურის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენდა. ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის ტაძრისა და ბებრის ციხისგან მიღებული შთაგონება რიტუალების სასახლის არქიტექტურაში აფსიდების სახით აისახა.
რიტუალების სასახლე სხვადასხვა სიმბოლოებით და ისტორიული მინიშნებებით სავსეა - ზარები და ზოდიაქოს ნიშნიანი საათები გუმბათში და შენობის მომრგვალებული ფორმები მართლმადიდებლური ეკლესიის აფსიდების ერთგვარი გამეორებაა. დარბაზის შესასვლელს ორი ლთონის კაპიტელით მორთული სვეტი ამშვენებს, რომელიც იერუსალიმის სოლომონის ტაძრის ბოაზისა და იახინის სვეტების ალუზიაა.
შესრულების სირთულის და მაღალი ხარისხის დამსახურებით ჯორბენაძის ნამუშევარი საბჭოთა პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. 2002 წელს შენობა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა, რის შემდეგაც შენობას Arcadia Palace დაერქვა. ბიზნესმენი 2008 წელს გარდაიცვალა და საკუთარი სახლის ეზოშია დაკრძალული.
პოლიტიკური განათლების სახლი (1978–1980 წ)
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი, 61
არქიტექტორები: ვახტანგ აბრამიშვილი, გურამ მირიანაშვილი, გიორგი სალუქვაძე, ს.მელიაშვილი
მხატვარი: ზურაბ წერეთელი
პოლიტიკური განათლების სახლისთვის ტერიტორია პლეხანოვის (ამჟამინდელი დავით აღმაშენებლის გამზირი) გამზირზე მდებარეობს. სახლის ფასადი ორ ნაწილად იყოფა - ღია პირველი და მეორე სართულები აივნით და ზედა სართულების ყრუ კედელი. შენობა ფუნქციურადაც ორ ბლოკად იყოფა. პირველში ჰოლის გარდა, 700 და 300 ადგილიანი მაყურებელთა დარბაზები, ბუფეტი და საგამოფენო სივრცეა. მეორე, საგანმანათლებლო ბლოკში ბიბლიოთეკა და აუდიტორიებია.
შენობის ფასადს ზურაბ წერეთლის რელიეფური მოზაიკის პანელი ამშვენებს.
1990-იანი წლებში პოლიტიკური განათლების სახლის შენობაში სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის საელჩოები იყო განთავსებული, დღეს კი აქ ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“ მდებარეობს.
ლენინის სახელობის საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი (1976–1978)
მისამართი: მერაბ კოსტავას 34
არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, გურამ აბულაძე, რამაზ კიკნაძე
მხატვარი: ნიკოლაი იგნატოვი
შოთა ყავლაშვილი 1970 წლიდან თბილისის მთავარ არქიტექტორად მუშაობდა. მისი მთავარი ნამუშევარი ძველი ქალაქის განახლებისა და თბილისის დაცული ზონის პროექტია. ძველი ქალაქის ფერადი აივნების აღდგენისთვის არქიტექტორს ხუმრობით თავადი ბალკონსკი შეარქვეს. ძველი ქალაქის რეაბილიტაციის პარალელურად, ყავლაშვილმა სხვა არქიტექტორებთან ერთად თანამედროვე საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობები დააპროექტა. ერთ-ერთი ასეთი ობიექტია საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი მტკვრის სანაპიროზე.
კომპლექსი სამი ბლოკისგან შედგება. ცენტრში სამი სხვადასხვა ზომისა და სიღრმის აუზია, სანაპიროს მხარეს კი შესასვლელი კარი სალაროებით და კომენტარების ჯიხურებით. აუზების მეორე მხარეს მდებარეობს ღია ტრიბუნა 5500 მაყურებლისთვის, რომლის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი კომპლექსი საშხაპეებით, სავარჯიშო ოთახებით, კაფეებით, სააქტო და საგამოფენო დარბაზებით. სანაპიროს მხარეს შენობა მოპირკეთებულია ბოლნისის ყვითელი ტუფით. ზედა ნაწილს კი ნიკოლაი იგნატოვის მიერ შესრულებული მოზაიკის პანელი ამშვენებს.
გახსნის დროს საცურაო კომპლექსი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდა. აქ საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები იმართებოდა.
„ლაგუნა ვერე“, როგორც კომპლექსს 1990-იან წლებში შეარქვეს, 2013 წლის დეკემბრამდე ფუნქციონირებდა. 2015 წელს კომპლექსი მდინარე ვერაზე მომხდარი წყალდიდობის დროს დაზიანდა. აამჟამად დაგეგმილია საცურაო კომპლექს „ლაგუნას“ აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის დაბრუნება.
არქეოლოგიის მუზეუმი (1988 წ)
მისამართი: დიღმის მასივი,
არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, შოთა გვანცელაძე, მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილი
თბილისის დასავლეთით მდებარე არქეოლოგიური მუზეუმი ყავლაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარია. დიღმის განაშენიანება 5-8 სართულიანი სტანდარტული სახლებით ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყო. 1970-1980-იან წლებში რაიონის არქიტექტურული იერსახე დიდი პანელიანი შენობების დამსახურებით უფრო მრავალფეროვანი გახდა. პარალელურად იწყება ბორცვის განვითარება, რომელიც რობაქიძის გამზირის (ყოფილი მეგობრობის გამზირი) და დავით აღმაშენებლის ხეივნის (საქართველოს სამხედრო გზის დასაწყისი) კვეთაზე მდებარეობს.
მუზეუმის ადგილი შემთხვევითი არ აურჩევიათ. მის სიახლოვეს უძველესი სამარხი მდებარეობს. მუზეუმი მეგობრობის გამზირის გასწვრივ, გორაკის კიდეზეა განთავსებული და ტერიტორიის ვიზუალურ დომინანტს წარმოადგენს. შენობა მოპირკეთებულია ბოლნისის ყვითელი ტუფით. ცენტრალურ შესასვლელზე თენგიზ კიკალიშვილის ბარელიეფი ამშვენებს, რომელიც უძველეს სამარხში მწოლიარე კაცს ასახავს.
1990-იანი წლებიდან მუზეუმი ფუნქციონირებს როგორც სათავსო, სადაც 10 ათასამდე ექსპონატია განთავსებული.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსი (1971-1980 წ)
მისამართი: უნივერსიტეტის ქ.
არქიტექტორები: ზურაბ კოპალაძე, ბიძინა მამინაიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, ლერი მეძმარიაშვილი, ნოდარ მიქაძე, სოლომონ რევიშვილი, ალექსანდრე საბაშვილი, დევი ჩოფიკაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი 70-80-იანი წლების ერთ-ერთი უდიდესი მოდერნისტული ობიექტი იყო. პროექტის მიხედვით, 8 000 სტუდენტზე გათვლილ კომპლექსს მდინარე ვერეს ორივე მხარეს 240 ჰექტარი ფართობი ეკავა. საბურთალოს ნაწილში საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული შენობები იყო განთავსებული, ვერეს მეორე ნაპირზე კი საერთო საცხოვრებლის შენობები.
1968 წელს, ჯერ კიდევ ახალი კომპლექსის პროექტის შექმნამდე აქ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის შენობა ე.წ. "მაღლივი კორპუსი" აშენდა. პროექტი, საგანმანათლებლო შენობების გარდა, ითვალისწინებდა სამეცნიერო ბიბლიოთეკის მშენებლობას 5 მილიონი წიგნის შესანახი ადგილით, რექტორის კაბინეტით, მუზეუმით, 1300 ადგილიანი სააქტო დარბაზით, სასადილოებით და სპორტული ობიექტებით. საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა 1989 წელს შეჩერდა, მას შემდეგ დაუსრულებელი მშენებლობები მიტოვებულია.
რკინიგზის სადგური (1969–1988 წ)
მისამართი: ვაგზლის მოედანი
არქიტექტორები: რევაზ ბაირამიშვილი, ალექსანდრე ჯიბლაძე, გივი შავდია, ი.ყავლაშვილი
ახალი რკინიგზის სადგურის შენობა თბილისური მოდერნიზმის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. რკინიგზის სადგურის კომპლექსი მოიცავს მთავარ შენობას მოსაცდელი ოთახით, პლატფორმებითა და ტექნიკური ნაგებობებით, აგრეთვე მიწისქვეშა კომპლექსს გადასასვლელებისა და სავაჭრო პავილიონების სისტემით. შენობის მაღლივ ნაწილში განთავსებულია სასტუმრო. ზოგადად, შენობის მასშტაბები და არქიტექტურა უფრო აეროპორტის ტერმინალს წააგავს, ვიდრე რკინიგზის სადგურს.
1992 წელს არქიტექტორთა ჯგუფმა ამ სამუშაოსთვის საქართველოს სახელმწიფო პრემია მიიღო. 2006 წელს შენობა კერძო კომპანიას 49 წლით იჯარით გადაეცა. რეკონსტრუქციის შემდეგ მისი უმეტესი ნაწილი სავაჭრო ცენტრს და სასტუმრო „თბილისი ცენტრალს“ უკავია.