ბომბები რომლებზეც თბილისი ზის - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდე!
1988 წელს საბჭოთა საქართველოში დაუშვეს კორპუსებზე ე.წ. მიშენებების გაკეთების უფლება. ამ გზით საკუთარი საცხოვრისის გაფართოება უამრავმა თბილისელმა შეძლო. მთელი 90-იანებისა და 2000-იანი წლების პირველი ნახევრის განმავლობაში ყოველგვარი რეგულაციისა და სტანდარტის გათვალისწინების გარეშე, ძველ საბჭოთა კორპუსებზე ბეტონისა თუ სხვა კონსტრუქციებით ნაგები მიშენებები კეთდებოდა.
ისედაც ამორტიზებული და დაბალხარისხიანი საბჭოთა პანელის შენობები მიშენებებმა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა. განსაკუთრებით თვალშისაცემია 1960-იან წლებში მასობრივად აშენებულ 5 სართულიან "ხრუშჩოვკებსა" და 8 სართულიან კორპუსებზე ამ გზით გადიდებული ფართები (დიდუბე, თემქა, ვარკეთილის მასივი, საბურთალო და ა.შ.). "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ მოგვიანებით შეზღუდა მიშენებების საშუალება. უკანასკნელ წლებშიც ამ მიმართულებით მიმდიანრეობს აქტიური მუშაობა მერიის მხრიდან. უკანონო მიშენებები სულ უფრო იშვიათი გახდა.
მიშენებები გარდა არაესთეტიკურობისა, დიდ საფრთხეს შეიცავს უსაფრთხოებისათვის. ის აბსოლუტურად მოწყვლადია საგანგებო სიტუაციების დროს: ხანძარი და მიწისძვრა. უკანონო მიშენებები სერიოზული, ნორმად ქცეული ურბანული თავსატეხია დედაქალაქისთვის, რომელიც 8 ბალიან მიწისძვრათა რისკის ზონაშია. პრაქტიკულად თბილისი ზის პატარა ბომბებზე, რომელთა "აფეთქების" შემთხვევაში შესაძლოა ძალიან მძმე შედეგები დადგეს. ცნობისთვის 2002 წლის 25 აპრილს, თბილისის ზღვასთან მომხდარმა 4.8 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა 10-მდე ადამიანი იმსხვერპლა და მრავალი შენობა დააზიანა. რეგულაციების გამკაცრებისა და მიშენებათა აღკვეთის გარეშე თბილისი ძლიერი მიწისძვრის დროს დიდი კატასტროფის ადგილად შეიძლება იქცეს... თავის მხრივ მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ამგვარ ფართებში ცხოვრებისგან.